
აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე უნივერსიტეტის მიმართ ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროკურატურა ამ საქმისთვის დაბალ დონეზეა მომზადებული.
ბენდუქიძე გასულ წელთან პარალელებს ავლებს და აღნიშნავს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სასწავლებელი მსგავს ვითარებაში ჩააგდეს და აკრედიტაცია შეუჩერეს.
“როცა გაზაფხული იწყება, სადღაც 10-დან 20 მარტამდე, ყოველთვის ვითარდება ასეთი მოვლენები. იყო შარშანაც და არის წელსაც. ეს შეგნებულად ხდება, თუ გაზაფხულს ვესალმებით ასე, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ამ საქმეს იურიდიული შინაარსი არ გააჩნია. აურზაურისა და ნერვების მოშლის მეტი არაფერი მოგვიტანა“, - განაცხადა ბენდუქიძემ.
პროკურატურის საპასუხოდ, რომ შენობა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადაეცა უნივერსიტეტს, ბენდუქიძემ აღნიშნა, რომ ეს მთავრობის განსასაზღვრი იყო, რადგან მოხდა პირდაპირი წესით მიყიდვა.
ბენდუქიძემ ეს განცხადება პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე გააკეთა, მისი დაკითხვა ჯერ არ დასრულებულა.