-
2014-03-18 12:26
„ვედომოსტი“ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ დნესტრისპირეთის უმაღლესმა საბჭომ რუსეთის სახელმწიფო დუმას წერილობითი თხოვნით მიმართა, „დნესტრისპირეთის რესპუბლიკის“ რუსეთთან შეერთების სესაძლებლობა განიხილოს.
„ვედომოსტი“ წერს, რომ ამ მიმართვის ასლი რედაქციაში ინახება, თუმცა, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ვებგვერდზე მსგავსი ინფორმაცია არ არის განთავსებული.
„მიმართვა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის სერგეი ნარიშკინის სახელზეა გაგზავნილი და მას ხელს აწერს თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მეხეილ ბურლა“, – წერს „ვედომოსტი“.
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე დნესტრისპირეთში რუსეთთან შეერთებას მხარი ამომრჩეველთა 97,2%–მა დაუჭირა. დნესტრისპირეთში დაახლოებით 200 ათასი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს და სახელმწიფო ენად რუსულია გამოცხადებული.