
ნატოს შესახებ ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების იდეით გამოდის არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიული არჩევანი“, რომელსაც არჩილ ჭყოიძე ხელმძღვანელობს.
ამის აუცილებლობას ორგანიზაცია იქედან გამომდინარე ხედავს, რომ რეფერენდუმი 2007 წელს ჩატარდა და, დიდი ალბათობით, გაყალბებული იყო:
,,რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, როდესაც საუბრობენ, რომ ქართველმა ხალხმა ასეთი არჩევანი გააკეთა, აქ საუბარია 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი და მაშინ საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, თუმცა არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ ის არჩევნები იყო გაყალბებული. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შესაძლებელია, რომ გაყალბებულიყო რეფერენდუმიც და აპელირება და საუბარი იმაზე, რომ 2007 წლის რეფერენდუმით შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, არ არის სწორი.
დღეს უკვე ჩანს, რომ სააკაშვილი არა მარტო საპრეზიდენტო არჩევნებს აყალბებდა, არამედ ის ყველა არჩევნებს და გამოკითხვებს აყალბებდა. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ეს ქართველი ხალხის ნება არ არის და აუცილებლად უნდა ჩატარდეს ახალი რეფერენდუმი იმისათვის, რომ ჩვენ რეალურად გავიგოთ ნამდვილად სურს თუ არა ქართველ ხალხს ნატო-ში”-აცხადებს ჭყოიძე. მისი თქმით, არასწორი იყო ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ნატოსკენ საქართველოს სწრაფვა, შესაძლოა, არ სიამოვნებდეს რუსეთს, მაგრამ საიმოვნებს ქართველ ხალხს და ეს მისი არჩევანია. „მე სულ სხვა სურათი მაქვს“, - აცხადებს ჭყოიძე.
აღსანიშნავია, რომ „ევრაზიული არჩევანი“ სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა, მისი პოზიცია კი ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერის ახალი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ემთხვევა ცნობილი ორგანიზაციის „ჯავახკის“ პოზიციას. სწორედ ეს ორგანიზაცია, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მაგალითზე დაყრდნობით აცხადებს, რომ წინა რეფერენდუმის ჩატარების დროს შედეგები მასობრივად გაყალბდა.