
ეს 120 კაცი ერთი ოჯახივითაა, სუხიშვილების ოჯახივით. ქართველ მოცეკვავეთა მთელი ასოციაციაა. ხშირად ხუმრობენ ხოლმე მოცეკვავეები,
გვარები უნდა გადავიკეთოთო.
ყველანაირად ვუგებთ ერთმანეთს, გვერდში ვუდგავართ. სასიამოვნოა. ჩვენს ერთიანობაში - ჩვენი ძალა იგრძნობა და ეს ძალა გვაკეთებინებს საქმეს... როგორც ქორეოგრაფი, ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რომ დადგმული ცეკვის ნახაზიც, ილეთიც ისეთი მორგებული იყოს, რომ მოცეკვავეს თვითონაც მოეწონოს, სიამოვნება მიიღოს თავისი შესრულებით, არ დაბრკოლდეს, არ დაიძაბოს. ცეკვის დროს დაღლა არ იგრძნობა. სცენიდან რომ გახვალ, მერე გრძნობ. იცით, როგორი რაღაცეები მომხდარა? - ხანჯალი მოხვედრიათ, თითიც წაუჭრიათ, ლურსმანზეც დაუბიჯებიათ და ვერ უგრძვნიათ. თუ ბოლომდე ამ საქმეში ხარ, დისკომფორტს ვერ გრძნობ. დარბაზიდანაც იმდენად დიდი ენერგია მოდის, რაღაც თავისებურ ტრანსშია გასული. ეს გავიარე, მე თვითონ მაქვს განცდილი. ბევრჯერ ჩემი მეგობრებიც - ჩემი ოჯახის წევრებიც გრძნობენ ამას და ხშირად მეუბნებიან ხოლმე: რაღაც მოდის, რაც გვაცეკვებსო. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ თვითონაც სიამოვნებას იღებენ.... ეს მუხტი ყველაზე ძლიერად მაშინ მჟღავნდება, როცა რაღაც ახალი იქმნება: იმას, რაც ჩაფიქრებული მაქვს, ბოლომდე რომ მივიყვან, ეს უკვე დიდი იმპულსია რაიმე ახლის დასაწყებად... მერე ყველაფერი თავიდან იწყება. მთავარია, ამ დაწყების მოთხოვნილება გქონდეს. მთავარია, შენს საქმეში თავისუფალი იყო. მუდამ უნდა იწყებდე და თავისუფლდებოდე იმისგან, რაც გაწუხებს, გამძიმებს. მთავარია, რომ მართლა გაწუხებდეს ეს რაღაც და მართლა გამძიმებდეს. თავისუფლება ის კი არ არის, რომ შენი სურვილები შეისრულო ხოლმე. შეიძლება ბევრ რაღაცაზე უარი თქვა, მაგრამ თავისუფალი იყო... ილიკო სუხიშვილი