
გახსნილი, კეთილი და უბრალო ადამიანი - ასე ახასიათებს ირაკლი მაქაცარია საკუთარ თავს უკრაინულ "ვოგთან" ინტერვიუში. გამოცემა ქართველი ტელესახის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ის უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მამაკაცია. ირაკლი არაერთ უკრაინულ შოუში იყო მიწვეული არამხოლოდ მონაწილის, არამედ ჟიურის ამპლუაშიც.
ის, რის გამოც ტელესახე "ვოგის" ყურადღების ცენტრში მოექცა, მისი სიყვარულია მოდის სამყაროსადმი. სოციალურ ქსელში ირაკლი ხშირად აქვეყნებს საკუთარ ლუქებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. ამჯერად ის გამომწერებს იტალიურ ბრენდ Emporio Armani-სთან თანამშრომლობის შედეგს უზიარებს.
"მე თავს მოდურ ადამიანს ვერ ვუწოდებ, რადგან მოდის ტენდენციები მუდმივად იცვლება და მას ფეხს არ ვუწყობ. ჩემთვის მთავარია, გამოვიყურებოდე კომფორტულად და ჰარმონიულად. შემიძლია მოვირგო როგორც სპორტული, ისე კლასიკური სამოსი", - ამბობს მაქაცარია ინტერვიუში.