
17 აპრილს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პრინცი ფილიპის დაკარძალვის ცერემონია შედგა, რომელსაც სამეფო ოჯახის თითქმის ყველა წევრი ესწრებოდა, მათ შორის რა თქმა უნდა იყვნენ პრინცები – უილიამი და ჰარი, ქეით მიდლტონსა და დედოფალთან ერთად.
როგორც უკვე ცნობილი გახდა, ორსულობის გამო, ადგილზე არ იმყოფებოდა მეგან მარკლი, რომელსაც პირადმა ექიმმა მგზავრობისგან თავის შეკავება სთხოვა. მაგრამ ჰერცოგონიამ მასშტაბურ ცერემონიას პირდაპირი ეთერის მეშვეობით ადევნა თვალი.
გარდა ამისა, მან მეუღლეს ბაბუის დაკარძალვისთვის ყვავილების გვირგვინიც გაატანა, რომელიც წყვილმა მათ საყვარელ ფლორისტს – უილოუ ქლოსლის შეაკვრევინა და მასთან ერთად საკუთარი ხელით დაწერილი გამოსამშვიდობებელი წერილიც გამოატანა მეუღლეს.