-
2021-04-19 17:03
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ თავად გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც ხელისუფლებას პარლამენტში შესვლის წინაპირობად ოპოზიცია უყენებდა.
ცნობისთვის, "მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 4-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ მიიჩნევს გიორგი რურუას შესაწყალებელ პირად, მაგრამ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, მზად არის მიიღოს ეს გადაწყვტილება. "მგონი, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამე შეიძლება დავარქვათ გარდა პოლიტპატიმარი, არც ერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური, თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში. ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემ თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა, ამიტომ მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილბა" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, შეწყალება განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ პარტიები მოაწერენ შეთანხმების დოკუმენტს ხელს და პარლამენტში შევლენ და ამასთანავე, ვეროკავშირი და მედიატორები განაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა.
"ამ გადაწყვეტილებიდან ერთ კვირაში, მე ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რამოდნიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში.