
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 მაისიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, "სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყება.
"გადაწყვეტილია, რომ მალე ამოქმედდება ჩინური "სინოფარმით" აცრები. დაიწყება 4 მაისიდან, რომელიც ქვეყანაში არის დასაწყობებული 100 000 დოზის რაოდენობით", - განაცხადა გამყრელიძემ.
აღნიშნული ვაქცინა ამ დრომდე არ არის დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. სააგენტო "როიტერსის" ცნობით, ჯანმო ელოდება ვაქცინის კლინიკური კვლევების მესამე ეტაპის დასრულებას და კვლევის შედეგს, რომლის მიხედვითაც უნდა გადაწყდეს, ზუსტად რამდენი დოზის მიღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვაქცინა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ლაპარაკია იმაზე, რომ შესაძლოა, ვირუსისგან დასაცავად ამ ვაქცინის სამი დოზის მიღება იყოს საჭირო, თუმცა ეს ჯერ დამტკიცებული არ არის.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ზოგიერთი ვაქცინისგან განსხვავებით, "სინოფარმს" არ სჭირდება განსაკუთრებული პირობები შენახვისთვის, არ სჭირდება ექსტრა ყინულოვანი მაცივრები, მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი. ყოველივე კი დისტრიბუციისთვის უფრო მოსახერხებელს ხდის.
სინოფარმის" ვაქცინას იყენებენ სერბეთში, უნგრეთში, გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, პერუში, ეგვიპტეში, ვენესუელაში, მექსიკაში და რა თქმა უნდა, ჩინეთში.