-
2021-03-10 15:54
სად მოვიძიოთ სილუეტები, რომელიც დროს არ ექვემდებარება?
ყოველ სეზონზე დიზაინერები ძველ კაბებს უბრუნდებიან, ათვალიერებენ და ახალი ინტერპრეტაციით წარუდგენენ საზოგადოებას: ტანზე გამოყვანილი ტრიკოტაჟის კაბები, მოცულობითი თოჯინის სტილი და თამამი კროშე.
როგორ იწყებოდა კლასიკური კაბების ისტორია და რა მიიჩნეოდა მოდურად 1950-იანებში?
როგორ კაბებს ირგებდნენ 1950-იანებში
1950-იანების მოდა შეგვიძლია თამამად ვთქვათ გულუხვი და მდიდარი იყო, ვინაიდან თუკი გასული ათწლეულების დროს ნაჭრებზე ეკონომიას ახდენდნენ, 50-იანებში დაიწყეს სხვადასხვა სილუეტების შექმნა დრაპირებებით და დამატებითი ელემენტებით, რაც ლუქს უფრო ქალურს და მდგრადს ხდიდა. წელზე დაფიქსირებული გრძელი კაბები ჩალისფერში, ვარდისფერში, ტერაკოტისფერ პალიტრაში იყო წარმოდგენილი.
პოპულარობა მოიპოვა New Look სილუეტმა, რომელიც კრისტიან დიორმა 1947 წელს შექმნა. ფართე ქვედაბოლო, გამოყვანილი წელით და ოდნავ დეკოლტეთი იდეალურ ბალანსა და ელეგანტურობას ავლენდა. 1950-იანების მოდაში რადიკალურის ადგილი არ იყო - დეკორისთვის ლურექსის ძაფებს იყენებდნენ, რომელიც ბზინვარებას მატებდა კაბებს, ბაფთები, საშუალო ზომის ყვავილები და დიდი ჯიბეები განუყოფელი ელემენტები გახლდათ.
ომის შემდგომ წლებში ახალი ნაჭრები გამოჩნდა, რომელთა შორის ნეილონიც იყო, კანის ფესტივალზე მსახიობებმა სწორედ ნეილონის კაბებში დაიწყეს გამოსვლა. თუმცა უყურადღებოდ არც ბრეტელებზე მოდელები დარჩა. მკლავებზე ექსპერიმენტები დიზაინერებს განსაკუთრებით იზიდავდა, ისინი ხშირად ცვლიდნენ მკლავებს კაბებზე, რაც ლუქის სახეცვლილებას განაპირობებდა.

რა თქმა უნდა კაბები იმ დროინდელი მოცულობით იშვიათობაა, თუმცა დიზაინერები საბაზისო ნამუშევრად დღემდე კლასიკურ სილუეტებს იყენებენ, უმატებენ თანამედროვე ელემენტებს, აშორებენ სიგრძეს, მუშაობენ პრინტებზე და ტექსტურებზე. წლევანდელ გაზაფხულზე კი სწორედ ასეთ კაბებში გამოწყობას გვირჩევენ წამყვანი მოდის სახლები.
