
სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 23:00 საათზე დაიწყება. როგორც საპატრიარქოში განაცხადეს, სამების საკათედრო ტაძარში 22:00 საათზე წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი, ხოლო 23:00 საათზე მიბრძანდება უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ამის შემდეგ დაიწყება ლიტანიობა და სააღდგომო საღვთო ლიტურგია.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, სადღესასწაულო წირვაზე მრევლის მიერ 2 მეტრიანი დისტანციის დაცვას ტაძარში სტიქაროსნები გააკონტროლებენ. მათივე ინფორმაციით, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება შეზღუდული იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესი ტრადიციულად ერს სააღდგომო ეპისტოლეთი მიმართავს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავს.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წინ დიდმარხვა უძღოდა. მომდევნო კვირას, ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში კი მსგეფსია და ხსნილია ყოვლითურთ. მრევლს შეეძლება არასამარხვო საკვები ოთხშაბათსა და პარასკევსაც მიიღოს.