
თავდაპირველად კისერთან გადიდებული ლიმფური კვანძი შეამჩნიეს და ექიმს მიმართეს, თუმცა, მან საგანგაშო ვერაფერი შენიშნა და მასთან მისულები დაამშვიდა, გაიწოვებაო... ცოტა ხნის შემდეგ, როცა წამონაზარდი არ გაქრა, ონკოლოგიური შემოწმება დღეს გაიარეს. დიაგნოზი თავზარდამცემია: ICD: C81.9, ჰოჯკინის ლიმფომა, III ბ სტადია...
ავტორი: ლაშა ბერულავა
23 წლის სალომე გულორდავა აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდანაა. წყნარი, თავმდაბალი, ბეჯითი გოგონა დიდი განსაცდელის წინაშე დგას: სწრაფად პროგრესირებადი ჰოჯკინის ლიმფომა (იგივე ლიმფოგრანულომატოზი, ავთვისებიანი გრანულომა) მის სიცოხლეს ემუქრება.
ახლა ეს დიაგნოზი განაჩენივით უდევთ წინ სალომეს მშობლებს და გამოსავალზე ფიქრობენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ კეთილი ადამიანების დახმარების გარეშე ისინი ვერაფერს შეძლებენ, არადა, სიმსივნე სწრაფად პროგრესირებს, სალომეს სისუსტე და სხეულის ტემპერატურის მატება აღენიშნება, ექიმებმა მას საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია მისცეს...
სხვა დანარჩენი ყველაფერი ისეა, როგორც ასეთ დროს ხდება: კიდევ ერთი დადარდიანებული დედ-მამა, რომელიც ფონდიდან ფონდში, კომპანიიდან კომპანიაში დადის და ყველას ეხვეწება, შვილი გადაურჩინონ, გოგონა, რომელსაც თავისი სიცოცხლის ოცდამესამე გაზაფხულზე სიცოცხლისთვის ბრძოლაში ჩაბმა უწევს სწორედ მაშინ, როცა მთელი სისავსით უნდა ტკბებოდეს გაზაფხულით, როცა მომავლის მძივებს უნდა კინძავდეს...
დღეს მე ამ გოგონას მამა ვნახე და ვესაუბრე. ის ჩემი ახლობელია, კარგა ხანია, ვიცნობ. პატიოსანი, სუფთა ადამიანია, მეოჯახე. მე ვნახე მამა, რომელსაც აქვს ორი მოცემულობა: შვილი, რომლის სიცოცხლეც საფრთხეშია და დაავადება, რომელიც იკურნება, თუ ფული გაქვს...
გესმით, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ შენ, მამა, ვერაფრით დაიჯერებ, რომ უფულობა შენთვის ხელფეხშემკვრელია, რომ ეს, შენგან დამოუკიდებლად არსებული რეალობა აზრს უკარგავს ყველაფერს, რაც შენ შვილისთვის შეგიძლია - საკუთარი სიცოცხლის ჩათვლით.
ძალიან, ძალიან მძიმე იყო ასეთი მამის ნახვა, რომელიც ჯიუტად ცდილობდა, ასეთად არ გამოჩენილიყო - თავმოყვარეობა არ აძლევდა თავის შეცოდების ნებას...
სალომეს ჯიუტი მამისთვის ყველაზე მთავარი იმის შეგრძნებაა, რომ ლიმფომა იკურნება: „ადრეულ ასაკში გამოვლინების შემთხვევაში პაციენტების 90%-ში განკურნებადია, რის გამოც მიიჩნევა ყველაზე უფრო განკურნებად სიმსივნის ფორმად. სხვა სიმსივნეებთან შედარებით გვიან ასაკში გამოვლინების დროსაც შემთხვევათა 90% გაკურნებადია. გარდა იმისა, რომ პაციენტების უმრავლესობა წარმატებით იკურნება, რემისია სიცოცხლის დანარჩენ ხანგრძლივ პერიოდში პრაქტიკულად გამორიცხულია“.
ეს მშრალი მონაცემებია ჩვენთვის, მათთვის კი - იმედი. იმედი იმისა, რომ სასწაული ხდება, რომ თანადგომა არნახული ვიცით, რომ ერთმანეთის გადარჩენა არავისზე ნაკლებად არ გამოგვდის...
იმაზე ფიქრის დრო არაა, რაში დაეხმარება სალომეს ჩვენი გადარიცხული 2, 5 ან 10 ლარი - დიახ, დაეხმარება! დიახ, მის ანგარიშზე გადარიცხული ყოველი ლარი მას სიცოცხლისკენ აბრუნებს. მას იმედი აქვს, რომ სასწაული მოხდება. ნუ დავუკარგავთ სალომეს ამ იმედს...
„საქართველოს ბანკი“, კოდი BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE51BG0000000730154200
მიმღები: სალომე გულორდავა