
"მე მინდა უბრალოდ ვთქვა, რომ ამ კონკრეტულ სისტემას, ამ დარღვევების ჩამდენებს აქვთ სახელები და გვარები. ორი მთავარი ფიგურა - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ვინმე ჩხატარაშვილი და მეორე - ლევან ქარდავა", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
"პირველი კუდ-ის ფაქტობრივი უფროსი და მეორე შემქმნელი, რომელიც ჩვენს მთავრობას შევარდნაძის მთავრობიდან გადმოჰყვა. სამწუხაროდ, დავტოვეთ და როგორც ჩანს, ძველი ცოდვები ჩამოაწერეს ჩვენ დროსაც და ლევან ქარდავა, რომელსაც ამ მთავრობამ ყველანაირად შეუწყო ხელი, ორივე ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ახალ მთავრობასთან.
ჩხატარაშვილი არის მარჯვენა ხელი დღევანდელი საქართველოს მთავრობის, ხუხაშვილის - მთავარი მრჩევლის და ბიზნესში მთავარი ბატონ-პატრონის და საქართველოს მთავრობის უკიდურესად მნიშვნელოვანი ფიგურის. დღესდღეობით, ის არის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმეების, ხოლო ლევან ქარდავა, კუდ-ის ყოფილი უფროსი არის ის ადამიანი, რომელიც მაგალითად, საქართველოს პარლამენტში ჩვენი ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრებს ყოველდღიურად ელაპარაკება და აიძულებს, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გავიდნენ და ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან.
ეს ორი ადამიანი იყო საუბედუროდ იმ ბევრი უკანონობის ჩამდენი, როგორც ახლა ირკვევა. მე მართლა არ ვიცნობდი ამ ორ ადამიანს, არც ვიცოდი ვინ იყვნენ ბოლო დრომდე, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ჩემს პასუხისმგებლობას. სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ, რომ ასეთი საშინელებების ჩამდენი სუბიექტები გადმოვიყოლეთ წინა მთავრობიდან; არ გავუშვით, მივიღეთ ჩვენს მთავრობაში და მსახურობდნენ ჩემი მთავრობის დროს.
მაგრამ მე ასევე მინდა ვუთხრა საქართველოს დღევანდელ მთავრობას, რომ ამ ხალხს არც მილიონებს უნდა აძლევდნენ, რომელსაც ჩემი ინფორმაციით, მათ უხდიან და არც უნდა იყენებდნენ იმ ბინძური შეკვეთების შესრულებაში, იმის სანაცვლოდ, რომ მათ ითანამშრომლონ და პრაქტიკულად სიბინძურეები ბოლომდე ჩამოიწერონ და პირიქით, ამ ყველაფრიდან გამოვიდნენ”, - აცხადებს პრეზიდენტი.