
დღეს ან ხვალ 5 ადამიანის გამოჯანმრთელებას და გაწერას ველოდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში 57 ინფიცირებული გვყავს, მათგან 8 პაციენტი რეანიმაციაშია. ამ 8 პაციენტიდან სამი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზეა და ერთ-ერთის, 81 წლის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. მასთან სახეზეა მწვავე ფილტვის დაზიანების სინდრომი, მწვავე გულის დაზიანების სინდრომი, მწვავე თირკმლის დაზიანების სინდრომი, მწვავე ღვიძლის დაზიანების სინდრომი, რას მიუთითებს მულტიორგანულ უკმარისობაზე. მას უტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. ორივე ორსულის და მათი ნაყოფების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ მათგანს უარყოფითი პასუხი ერთხელ უკვე მოუვიდა, დღეს მის ნიმუშს მეორედაც წაიღებს ლუგარის ლაბორატორია და იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე მას გავწერთ. ასევე გვყავს სამი მოზარდი, რომელთა მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 42 წლის კაცის მდგომარეობა 48 საათის განმავლობაში იყო მძიმე, თუმცა ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, ჟანგბადის კონცენტრაცია მის ორგანიზმში სტაბილურია და შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკული მომენტი გადავლახეთ. დღეს 5 ადამიანის გამოჯანმრთელებას ველოდებით და თუ პასუხები უარყოფითი იქნება, ისინი დღეს ან ხვალ დატოვებენ კლინიკას“, - განაცხადა რატიანმა.