
კიევში, მაიდანზე მიმდინარე მოვლენების დროს გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე – ზურაბ ხურცია სინამდვილეში ევრომაიდნის თავდაცვის რაზმის წევრი იყო და ღამეებს ბარიკადებზე ათევდა, თუმცა, ამას ოჯახის წევრებს უმალავდა.
ამას ცხადყოფს წერილი, რომელიც სენაკში მცხოვრებმა ზურაბ ხურციას ოჯახის წევრებმა რამდენიმე საათის წინ უკრაინიდან მიიღეს.
წერილი მაიდნის თავდაცვის რაზმის კიროვოგრადის ასეულის წევრის დიმიტრი სტეპანენკოს მიერ, ზურაბ ხურციას ძმის სახელზეა გამოგზავნილი და ის „აფხაზთის ხმას“ ხურციების ოჯახის ახლობლებმა გაუგზავნა:
„წერილი დღეს მოვიდა ძმის, მერაბ ხურციას სახელზე, მანამდე სატელეფონო საუბარი შედგა მათ შორის, სადაც წერილის ავტორი აქციის ფოტო სურათების გამოგზავნას დაჰპირდა მათ...
წერილს შეგნებულად გიგზავნით, რათა გაქარწლდეს ის მცდარი ინფორმაცია, რაც დაიწერა და ითქვა ზურაბ ხურციას გარდაცვალებაზე...განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყურადსაღებად, 1500 დოლარი რომ გადაახდევინეს დევნილ ოჯახს გადმოსასვენებლად და მანიპულირებდენ, რომ ის ბარიკადებთან არ იდგა... „, – უთხრა „აფხაზეთის ხმას“ ზურაბ ხურციას ოჯახის ახლობელმა.
მაიდნის თავდაცვის ასეულის წევრი დიმიტრი სტეპანენკო ზურაბ ხურციას „ღირსეულ ადამიანს“ უწოდებს და წერს: „ახლა, როცა ვიხსენებ მას, ერთდროულად განვიცდი წუხილსაც და ერთგვარ სიამაყესაც იმის გამო, რომ ვიცნობდი გმირს“.
სტეპანენკო იხსენებს, რომ ზურაბი მაშინ გაიცნო, როცა კიროვოგრადის ასეულში მის გვერდით ღამის გასათევ ადგილს იწყობდა, ხოლო ზურაბმა მისი ორი პლედიდან ერთი შესთავაზა: „ადამიანებისადმი ყურადღება მხოლოდ დადებითად ახასიათებს ადამიანს და მან უცებ მიიქცია ჩემი ყურადღება, თუმცა, უარი ვუთხარი, რადგან საძილე ტომარა მქონდა წამოღებული“, – იხსენებს მაიდნელი უკრაინელი, შემდეგ კი ჰყვება კიდევ რამდენიმე ეპიზოდს:
„როცა ძლიერი ყინვები დაიწყო, ზურაბი ყელზე ფართო შარფს იხვევდა, ჩვენ კი სიცილით ვეკითხებოდით: „ზურაბ, შენ ხომ მთიელი ხარ? რა, ყინვის მთიელებსაც ეშინიათ?“, ის კი გვპასუხობდა: „მე ხომ სუბტროპიკულ სარტყელში ვცხოვრობ, ზღვის პირას, თოვლი ოც წელიწადში ერთხელ მოდის და ისიც მალევე დნება“.
თავდაცვის რაზმის უკრაინელი წევრი წერს, რომ ზურაბ ხურციამ „ყველა მორიგეობა, ყველა დაპირისპირება და ბატალიები ჩვენთან ერთად გაიარა და ბოლომდე იდგა – თავისუფალი და ამაყი“.
„ზურაბ ხურცია კიროვოგრადის ასეულიდან წავიდა. მისი სახელი ყველასთვის ძვირფასი იქნება მუდამ: მათთვისაც, ვის გვერდითაც ის იდგა და მათთვისაც, ვინც მისი სახელი მხოლოდ „ზეციური ასეულის“ სიაში ამოიკითხა“, – წერს სტეპანენკო.
„უკრაინა და საქართველო არასდროს ყოფილან მეზობლები. ისტორიაშიც ცოტაა ცნობილი ამ ქვეყნების კავშირის შესახებ. მაგრამ საიდანღაც გაჩნდა მისტიკური კავშირი და სიმპათია ამ ორ ქვეყანას შორის.
კავკასიაში ბევრი სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ქართველები არიან ყველაზე ახლოს უკრაინელებთან. თქვენმა თანამემამულეებმა, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვის დაიღუპნენ, შეკრეს და გააერთიანეს ჩვენი ძმობა. ძმობა არა დაბადებიდან, არამედ, დაღვრილი სისხლით მოსული ძმობა.
მშვიდად იძინე, ზურაბ, მსუბუქი იყოს შენთვის შენი მიწა...“, – ასე ასრულებს წერილს დიმიტრი სტეპანენკო.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ხურცია კიევის ევრომაიდანზე 20 თებერვალს დაიღუპა. უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ იმ დღეს განაცხადა, რომ ზურაბ ხურციას ძალადობის კვალი არ ეტყობა და ის, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
როგორც ზურაბ ხურციას ოჯახის წევრები აცხადებენ, დაღუპულის გადმოსვენების ხარჯების გაღებაზე სახელმწიფომ უარი განაცხადა და ოჯახს საქართველოში ხურციას ცხედრის ჩამოსვენება 1.500 აშშ დოლარი დაუჯდა.
ზურაბ ხურციას ახლობლებმა „აფხაზეთის ხმას“ განუცხადეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადმოსვენების ხარჯების გაღებაზე უარი განაცხადა, რადგან, მათი მტკიცებით, ზურაბ ხურცია ევრომაიდნის მომიტინგეებს შორის არ იყო და იმ დღეს სამთავრობო კვარტალში შემთხვევით მოხვდა.
ლაშა ბერულავა