-
2014-03-05 09:58
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ რუსეთს მთელი ცივილიზებული მსოფლიო ელაპარაკება და მისმა იგნორირებამ არაფერი სიკეთე არ მოგვიტანა, ამიტომ, ურთიერთობები უნდა დავარეგულიროთ.
ამის თაობაზე განცხადებები ბურჯანაძემ გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ გააკეთა:
„გვინდა ჩვენ ეს თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, რუსეთი არის მაინც სუპერსახელმწიფო. რუსეთს აქვს ძალიან დიდი ბერკეტები, რომელსაც ანგარიშს უწევს მთელი მსოფლიო. ჩვენ საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, ძალიან სეროზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და დავარეგულიროთ რუსეთთან ურთიერთობები.
რა მოგვიტანა ჩვენ რუსეთის იგნორირებამ, გულზე მჯიღის ცემამ და ილუზიებში ყოფნამ, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით და დღეს რომ ამდენს ლაპარაკობენ ცალკეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, სწორედ მათმა უპასუხისმგებლო ქმედებებმა მოგვიტანა ჩვენ 2008 წლის აგვისტო, რომელსაც ის უბედურება მოჰყვა, რასაც დღევანდელი ჩვენი რეალობა ჰქვია, როდესაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ყოველდღიურად მცირდება საქართველოს ტერიტორია“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტის მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისი აზრით, პუტინი ადეკვატური იყო:
„აბა, რა ვიცი, მე ყურადღებით ვუსმინე და მისი გამოსვლა რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლისთვის სრულიად ადეკვატური იყო, არაადეკვატურობის მას ვერაფერი შევამჩნიე“, – ამბობს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.