-
2014-03-04 22:37
გამოცემა Daily Beast ვრცელ ექსკლუზიურ მასალას აქვეყნებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის (2004-20013) ანალიზით, რომელიც უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე მიმდინარე მოვლენებს ეხება.
გამოცემა პარალელს ავლებს 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრასა და ყირიმის ნახევარკუნძულზე შეჭრას შორის და წერს, რომ ამ ორ მსგავს ფაქტს შორის ერთი სხვაობაა: რუსეთს არ დაუწყია ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია უკრაინის სიღრმეში, როგორც ეს საქართველოში გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტს ეთანხმება, თუმცა, აღნიშნავს, რომ ჯერ ნაადრევია დამშვიდება. მისი თქმით, მუშაობს რამდენიმე რუსული უწყება, რომლის მიზანია წყლის ამღვრევა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და უკრაინაში ინტერვენციისთვის ნიადაგის მომზადება.
ამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის საზღვართან ამ დრომდე გრძელდება რუსული სამხედრო სწავლებები, რომლებიც დაახლოებით იგივე მასშტაბისაა, რაც იყო 2008 წელს, საქართველოს საზღვართან დაწყებული წვრთნები.
„მე ვფიქრობ, რომ პუტინს ხელი არ აუღია უკრაინაში შეჭრის გეგმაზე“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ასევე, იხსენებს 2008 წლის ომის წინაპერიოდს, როცა ის ჯიუტად იმეორებდა რუსეთის გეგმების შესახებ: რომ ის აპირებდა საქართველოში შეჭრას, ხოლო შემდეგი უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძული იქნებოდა. მისი თქმით, მაშინ მას არ დაუჯერეს და მისი განცხადებები ბევრმა აკვიატებად მიიჩნია: „მსოფლიო არ ელოდა, რომ პუტინს ამის გაკეთება შეეძლო“, - აცხადებს სააკაშვილი.
გამოცემა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის ჯონ ბასის საიდუმლო ანგარიშზეც წერს, რომელიც „ვიკილიქსმა“ გამოაქვეყნა და სადაც აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებაც, რომ რუსეთი ყირიმის ნახევარკუნძულზე შეიჭრება.
Daily Beast წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი კიევში იმყოფება და უკრაინის ხელისუფლებას კონსულტაციას უწევს, როგორც ლიდერი, რომლის ქვეყანა 2008 წელს, ხუთი დღის განმავლობაში უკვე ეომა რუსეთს, რომელიც ქვეყანაში შეიჭრა.
„ჩემი მთავარი გზავნილი უკრაინის ხელისუფლებისადმი არის მაქსიმალური თავშეკავება და მზადება უარესისთვის“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
სტატიის ორიგინალი