-
2014-03-04 22:06
აეროპორტ „ბელბეკის“ ტაქტიკური ავიაციის ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი იური მამჩური უკრაინის არაფორმალური გმირი დღეს გახდა.
მამჩური ბრიგადის ნაწილს „ბელბეკის“ აეროპორტის ასაფრენი ზოლისკენ გაუძღვა. ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს ბრიგადისა და უკრაინის სახელმწიფო დროშები მიჰქონდათ.
ასაფრენ ზოლს, უკვე რამდენიმე დღეა, რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. მათთან მიახლოებისთანავე მეთაურმა უკრაინის ჰიმნის შესრულების ბრძანება გასცა. ბრიგადის ნაწილი, რომელსაც თავად მეთაური მიუძღოდა, რუს აგრესორებს მიუახლოვდა. უკრაინელები სახელმწიფო ჰიმნს ასრულებდნენ.
მათი მოახლოებისთანავე შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა სვლის შეჩერება ჯერ შეძახილებით სცადეს, შემდეგ კი გამაფრთხილებელი გასროლებით ჰაერში, თუმცა, ბრიგადას სამხედრო ნაბიჯით სვლა არ შეუწყვეტია.
როცა რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს რამდენიმე ნაბიჯზე მიუახლოვდნენ, ბრიგადის წევრებს მეთაური გამოეყო და რუს სამხედროებთან მივიდა. ის უიარაღოდ იყო, ხოლო რუსებს მიზანში ჰყავდათ ამოღებული.
ამის მიუხედავად, მამჩური რუს სამხედროებს ესაუბრა და მოსთხოვა, ტერიტორიიდან უკან დაეხიათ და ბრიგადის დროშის აღმართვის შესაძლებლობა მიეცათ, რაც საბოლოოდ, რუსებმა შეასრულეს კიდეც.
ამის მიუხედავად, „ბელბეკზე“ ამ დრომდე რჩებიან კბილებამდე შეიარაღებული რუსი სამხედროები, თუმცა, ტერიტორიის დიდ ნაწილს უკვე უკრაინელები აკონტროლებენ.
ამ მარშისა და ტყვიის წვიმაში უკრაინელი მეთაურის რუს ჯარისკაცებთან საუბრის მომენტი ვიდეოშიცაა ასახული.