-
2014-03-04 16:30
კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი თემურ კენკებაშვილი გაზეთ „ქრონიკა+“-სთან სკანდალურ ინტერვიუში აცხადებს, რომ თანამდებობიდან გელა ხვედელიძის ჩამოცილებით უშუალოდ გენერალი თამაზ თამაზაშვილი იყო დაინტერესებული.
კენკებაშვილის თქმით, ის ხშირად ხვდებოდა ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს და ინფორმაციას აწვდიდა მას, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ გელა ხვედელიძეზე, უბრალოდ, მითები იქმნებოდა და სინამდვილეში მას მხოლოდ იმიტომ ემტერებოდნენ, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ყველა გარიგება ჩაშალა.
კენკებაშვილი ვრცლად ჰყვება, როგორ შეხვდა თამაზ თამაზაშვილს, რა მითითებებსა და დაველებებს აძლევდა ის, რომელი შეასრულა და რომელი არ შეასრულა:
თამაზაშვილთან ჩემი პირველი შეხვედრა, რომელიც ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამირან ტოტიკაშვილმა შემომთავაზა, მოხდა მარტის დასაწყისში. ჩვენ თამაზაშვილს შევხვდით, მის კაბინეტში, „პროგრესბანკში“, რომელიც მდებარეობს ბარათაშვილის ხიდთან. მე მას მოვუყევი ყველაფერი, რაც ხდებოდა ქვემო ქართლში.
რა თქმა უნდა, მას ვერ ვეტყოდი,რომ ამ ყველაფერს სათავეში ედგა გელა ხვედელიძე, რადგან არ ვიცოდი ხვედელიძის და თამაზაშვილის დამოკიდებულებები. როდესაც დავასრულე, ამირანმა უთხრა - ამას ყველაფერს ვიღაცეები ლობირებენ სამინისტროდანო.
ჩვენი მხრივ დაკონკრეტება აღარ გახდა საჭირო, თვითონ თამაზაშვილმა შენიშნა, სხვა ვინ იქნება, რა თქმა უნდა, გელა ხვედელიძე აკეთებს ასეთ რაღაცეებსო. თამაზმა გვთხოვა, იმუშავეთ და თუ თქვენ მომიტანთ ისეთი ტიპის კომპრომატს ხვედელიძეზე, რომელიც საბოლოოდ, გამოდგება ივანიშვილთან მისატანად, ეს კაცი ჩაიხსნება სიტუაციებიდან და გამოეცლება ჩაბარებული სფეროებიო.
შესაბამისად, თქვენი კანდიდატურებიც აღარ დაიბლოკება, დაინიშნებით თანამდებობებზეო და საბოლოო ჯამში, კარგი საქმე გაკეთდებაო.
ჩვენთან თავს იყრიდა კონკრეტული ინფორმაციები „სუს“-ში, ანტიკორუფციულში, ან პოლიაციაში მაღალ თანამდებობებზე ცუდი რეპუტაციის მქონე პიროვნებათა დანიშვნის თაობაზე.
მე, პარალელურ რეჟიმში,თამაზაშვილთან ერთად ყველა ინფორმაციას გადავცემდი ღარიბაშვილს ზურა ცხადაძის მეშვეობით. მე და ამირანი ყველაფერს ვეუბნებოდით თამაზაშვილს.
მე ვახდენდი ინფორმაციის გადამოწმებას. დავუშვათ,დანიშნეს ვიღაც, ვინც არ უნდა დანიშნულიყო, ვინ გაუწია რეკომენდაცია და ა.შ. იყო ასეთი შემთხვევა, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსად დანიშნეს ბეჟუაშვილების ძმაკაცი გელა ბედოიძე.
მან არ იცოდა ქვემო ქართლი იმ დონეზე, რომ ემუშავა ასეთ რთულ რეგიონში. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის,რომ ქვემო ქართლში განახევრდა დანაშაულის გახსნა და დამძიმდა კრიმონოგენური ვითარება. როდესაც მე ამის თაობაზე კონკრეტული ინფორმაციები ზურას მეშვეობით ირაკლისთან გავუშვი, მივიღე პასუხი - გელა ხვედელიძის რეკომენდაციით დაინიშნაო.
გადავამოწმე ეს ინფორმაცია, რატომ უნდა გაეწია გელას რეკომენდაცია ბედოიძისთვის, იცნობდა კი მას საერთოდ? არანაირი ტიპის კონტაქტი ბედოიძესა და ხვედელიძეს შორის არ დადასტურდა. სამაგიეროდ, დადასტურდა კონტაქტები ალეკო ტაბატაძესთან და სხვებთან. მაშინ მიხვდი, რომ აქ რაღაც არ იყო რიგზე და გარკვეული დეზინფორმაცია მოდიოდა შსს-დან ჩემს დასარწმუნებლად, თითქოს ამ ყველაფერს ხვედელიძე უკეთებდა ორგანიზებას.
რაც შეეხება თამაზ თამაზაშვილს, სამი თუ ოთხი შეხვედრა იყო „პროგრესბანკში“, მის კაბინეტში. სადღაც აპრილიდან შეიცვალა შეხვედრის ადგილი. მე და ამირანი მას ვხდებოდით სპორტის სასახლესთან, წინ მოედანზე, არ ვიცი რატომ, მაგრამ მის მანქანაში ხდებოდა ეს შეხვედრა.
ერთი ასეთი შეხვედრისას თამაზაშვილმა მითხრა, ჩვენთვის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნება, ჩავწეროთ გელა ხვედელიძეო. ჩაწერა უნდა მომხდარიყო იმ კონტექსტში,როცა ის ისაუბრებდა ვაჟა ლელუაშვილის ლობირებაზე.
ვაჟა ახალი გამოსული იყო ციხიდან. იმ პერიოდში დაყარეს ხმები, რომ იგი გელა ხვედელიძის თხოვნით გამოუშვეს. რეალურად კი ლელუაშვილი იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა ძალიან მძიმე.
მან მართლაც ბევრი მასალა ჩააბარა ახალ ხელმძღვანელობას და პირადად ღარიბაშვილს. მოხდა გარიგება - ვაჟა გამოუშვეს იმის სანაცვლოდ, რომ მან ჩააბარა ეს კომპრომატები. იმ პერიოდში კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შესულიყო და ხალხი ჭირდებოდთ უმრავლესობაში. სწორედ ამის გამო მოხდა თემურ ფეიქრიშვილის და კიდევ რამდენიმე დეპუტატის პორტირება „ნაციონალებიდან“ „ქართულ ოცნებაში.“
ხვედელიძის ჩაწერა რამდენიმე მიზეზის გამო იყო წარმოუდგენელი. პირველი - მას პირადად არ ვიცნობდი, ერთადერთხელ მივედი და არ მიმიღო. სხვათაშორის, მაშინ დაიგეგმა, რომ მე მომიმწყობდნენ შეხვედრას, როგორც კუდ-ის ყოფილ თანამშრომელს, სადაც კონკრეტულ თემებზე ვისაუბრებდით, შეხვედრა, რა თქმა უნდა, მოდულის შენობაში გაიმართებოდა.
როდესაც შევიდოდი იქ, ვიღაც, არ ვიცი ვინ, გადმომცემდა ტექნიკურ საშუალებას, რითაც უნდა მომხდარიყო გელა ხვედელიძის ჩაწერა.
არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ შეხვედრის ორგანიზება უნდა გაეკეთებინა ტრეფიკინგის სამსხურის უფროსს ,თამაზ თამაზაშვილის მეგობრის შვილს, რომლის გვარიც, თუ სწორად მახსოვს, მოძღვრიშვილი იყო.
ერთი კვირის შემდეგ ეს გეგმა შეიცვალა და წამოვიდა ახალი დავალება. ახლოვდებოდა 19 აპრილი და მიტინგი უნდა ჩაეტარებინა „ნაცმოძრაობას.“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვემო ქართლში ვაჟა ლელუაშვილი და თემურ ფეიქრიშვილი აგროვებენ ხალხს 19 აპრილის აქციისთვის.
უნდა ჩაწერილიყო შემდეგი სცენა - ვიღაც უნდა მიგვეგზავნა ვაჟასთან, რომელიც ჩაწერდა რამდენიმე კონტექსტში: პირველი თემა იყო ვაჟას და გელას ნაცნობობა-მეგობრობა, მეორე- ვაჟა აგროვებს ხალხს 19 აპრილის აქციისთვის და ვიღაცას თხოვს დახმარებას.
ერთი კვირა იყო დარჩენილი 19 აპრილის აქციამდე, ვაჟა ციხიდან ახალი გამოსული იყო და რამდენიმე კაცის გარდა, არავისთან ჰქონდა კონტაქტი.
ხვედელიძეზე კომპრომატი უფრო პოლიტიკური დატვირთვის უნდა ყოფილიყო, რასაც მიიტანდნენ ივანიშვილთან. არ ყოფილა მაშინ საუბარი იმ ტიპის კომპრომატზე, რომ საქმე მისულიყო ხვედელიძის დაკავებამდე.
როცაჩამთავრდა 19 აპრილის აქციაც და თამაზს ვუთხარი, რომ ვერ ჩავწერეთ ვერავინ და ამ ტიპის კომპრომატის შექმნა გამორიცხულია, ამის შემდეგ, რაღაც პერიოდი, ალბათ, ასე ერთი კვირა, მე თამაზაშვილთან კონტაქტი არ მქონია“, - ამბობს კენკებაშვილი.
შეკითხვას იმის შესახებ, ლაშა ამირეჯიბმა მიიღო თუ არა თამაზ თამაზაშვილისგან დაახლოებით 20 000 დოლარი პოლიტპატიმართა ორგანიზაციის შესაქმნელად, კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი რეალურს უწოდებს.
„ამას ადასტურებს პოლიტპატიმარი ზურა ხუბულაშვილი, რომელიც ამირეჯიბთან ერთად ესწრებოდა ანალოგიურ შეხვედრებს ღარიბაშვილთან და თამაზაშვილთანაც. თუმცა, მოხდა ისე, რომ 20 000 გამოყოფილი იქნა იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც მისცეს ამირეჯიბს.
არა მხოლოდ ეს 20 000 იყო გასამრჯელო ამ საქმისთვის.თამაზაშვილი შემდგომაც ეხმარებოდა ამირეჯიბს მატერიალურად, ბანკიდან სესხიც კი გამოატანინა....
საბოლოო ჯამში, ვარაუდია, მაგრამ სცენარი არის აბსოლუტურად იგივე. თამაზაშვილი მე მთხოვდა, გამეკეთებინა და ბოლოს გააკეთა ამირეჯიბმა. აქედან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაში სარწმუნო უნდა იყოს.
ის ინფორმაციები, რასაც ამირეჯიბი წერდა პრესაში ქვემო ქართლის თაობაზე, რეალურად იყო ჩემგან მიწოდებული. მე ხომ ვიცი, რაც ხდებოდა. ფაქტობრივად, ჩვენ თავს ვაჯერებდით თამაზაშვილის დავალებით, რომ ხვედელიძეზე უნდა შეგვექმნა მითი.
-თქვენ ამტკიცებთ, თითქოს გენერალმა თამაზაშვილმა შემოგითვალათ - თუ წყნარად არ იქნები, შეიძლება დაგიჭირონო. თქვენი აზრით, რისი ეშინია თამაზაშვილს?
- ამ ინტერვიუსი ეშინია სწორედ, რომელსაც ახლა ვწერთ! მასთან ორი, ასე ვთქვათ, „რაზბორკაც“ გაიმართა ამ შემოდგომაზე. ბიძაჩემი, პოლიციის მაიორი არჩილ გულედანი და კიდევ სხვა ჩემი მეგობარიც ჩამოაშორეს თანამდებობას. რასაკვირველია,ძალიან ეშინია ამ ყველაფრის.
ეშინია იმის, რომ მე ამას ვიტყვი...ჩემი აზრით, სიტუაცია მივიდა იქამდე, რომ საბოლოო ჯამში, გელა ხვედელიძის სასამართლო არ სრულდება. საქმე უნდა დამთავრდეს და, რასაკვირველია, ამ საკითხზე გაჩუმება არ შეიძლება! სხვათაშორის, როდესაც ერთ ჩემს „ნაციონალ“ მეგობარს ვკითხე, რომლებიც გადამტერებულები არიან ხვედელიძეზე, რა დაგიშავათ ამ კაცმა, მათ მითხრეს ძალიან კონკრეტული პასუხი - თავის დროზე ყველა გარიგება მან ჩაშალაო.
-გარიგება „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის?
- დიახ. აქედან ნათელია, თუ რატომ არ უნდოდათ გელა ხვედელიძე მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე!“, - ამბობს გაზეთთან ინტერვიუში კენკებაშვილი.