-
2014-03-04 12:52
გეგუთის ციხეში ინციდენტი მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. „გურია ნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთერთი პატიმარი სასიკვდილოდ არის ნაცემი.
გამოცემა დაზარალებულის ვინაობას არ ასახელებს:
„აჭარელი ბიჭი იყო ის საწყალი. თავანის ჩაუბარებლობის გამო წუხელ მაყურებელმა "ბუწალიჩმა" -ნუგზარ ნიკოლაძემ სცემა სასიკვდილოდ.
ეხლა გვამი მორგში აქვთ და ექიმები ამუშავებენ, რომ ცემის კვალი არ ეტყობოდეს", -ამბობს „გურია ნიუსის“ წყარო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. „მაყურებელი“ ნიკოლაძე, რუსთავის კრიტიდან გეგუთში თებერვალში პატიმრების მასობრივი შიმშილობის დროს გადაიყვანეს.
როგორც ციხის ერთერთი თანამშრომელი ადასტურებს, ნიკოლაძემ ციხის ადმინისტრაციას პატიმრების დაშოშმინების გარანტია მისცა.
გამოცემის ინფორმაციით, გეგუთში ე.წ. „მაყურებლების“ ჩანაცვლება 12 თებერვალს მოხდა. წყაროს ინფორმაციით, სწორედ ე.წ. „მაყურებლების“ ჩანაცვლებამ გამოიწვია გეგუთის კოლონიაში სიტუაციის განმუხტვა.
"გურია ნიუსი" წერს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.