
აშშ-ს პრეზიდენტისგან საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გზავნილი, რომ მან ოპონენტებთან უნდა ითანამშრომლოს, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „რუსთავი -2“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც მან გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას აღნიშნა, 2 წლის უკან იანუკოვიჩს იმავეს მოუწოდებდა დასავლეთი, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა:
„მკაფიოდ იქნა გაჟღერებული გზავნილი , რომ ოპონენტებთან უნდა იყოს თანამშრომლური ურთიერთობა და არა დაპირისპირების ფონი. ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ, რომ საქართველოში პოლიტიკური კინკლაობის ფონი, სამწუხაროდ, გაიწელა და არ მთავრდება. მე მოვიყვან ერთ ციტატას და შემდეგ დავასახელებ თუ ვის ეკუთვნის ის: „კანონის წინაშე ყველა თანასწორია და არავის არ შეუქმნის იმუნიტეტს ოპოზიციაში ყოფნა“.
მსგავსი განცხადებები ჩვენ ყველას საქართველოშიც ხშირად გვსმენია, მაგრამ ეს არის იანუკოვიჩის ორი წლის წინ გაკეთებული განცხადებები. სწორედ მაშინ, როდესაც მას დემოკრატიული მსოფლიო ეუბნებოდა, რომ ოპოზიციასთან სხვა მიდგომა უნდა ჰქონოდა.
მე არ მინდა კიდევ სხვა პარალელები გავავლო, ამიტომ, როცა არის მკაფიო გზავნილი, ეს უნდა მიიღოს ხელისუფლებამ. რაც შეეხება შეხვედრას, მე ამ შეხვედრას პოზიტიურად ვაფასებ , მაგრამ ვწუხვარ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე არ იყო საუბარი,“-განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის ამ განცხადებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა უპასუხა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობის ფორმა ვერ შეიცვლება:
„რაც შეეხება პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობის ფორმას, ოპონენტებთან ურთიერთობის ფორმა ვერ შეიცვლება, იმიტომ, რომ ოპონირებისა და დებატების ფორმა არსებობს საქართველოშიც და აშშ-შიც.
საქართველოს ხელისფლება არის მზად, რომ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს, რომელიც არის ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაციის მომხრე. საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ ჰქონია ერთიანი გადაწყვეტილებების მიღებაში პრობლემა.
კანონის უზენაესობას რაც შეეხება, მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არცერთი ლიდერი არ აძლევს თავს უფლებას იმისას, რომ მიუთითოს საქართველოს ხელიუსფლებას.
უბრალოდ, მათი მოწოდება ეხება იმას, რომ ნებისმიერი სამართლებრივი გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული. არავინ არ აძლევს თავს უფლებას იმისას, რომ შიდა საქმეებში ჩაერიოს,“-განაცხადა პეტრიაშვილმა.