-
2014-02-22 11:06
ამ დროისთვის მცხეთაში დიდი რაოდენობით მომლოცველები, საპატრულო პოლიცია და კორდონში მდგარი ჯარისკაცები არიან მობილიზებული. მონასტერში შესვლა მხოლოდ სპეცსაშვებით ხდება.
მონასტრის გარდა, სპეცსაშვებითაა დაშვებული გადაადგილება ასევე მცხეთის ტერიტორიაზე – ქალაქში შესასვლელები გადაკეტილია. მცხეთაში უკვე ორი დღის წინ დაიჯავშნა ყველა სასტუმროს ნომერი, კერძო სახლებში გაქირავებულია ოთახები.
მომლოცველთა ნაწილი მცხეთის სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერთან ახლომდებარე გორაკებზე არიან ასული და სიტუაციას იქედან აკვირდებიან. მონასტრის გარე ტერიტორიაზეც შეზღუდვები მოქმედებს, რადგან აღმართულია დამატებით ჯებირები.
თავად მონასტერში შესვლის მსურველთა სიმრავლის მიუხედავად, შენობაში არავის უშვებენ, რამაც ჯერ კიდევ ღამის საათებში გამოიწვია დაპირისპირება მრევლსა და სასულიერო პირებს შორის, მომლოცველების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ტაძარში შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით იყო შესაძლებელი, ხოლო საშვებს მხოლოდ ნაცნობებს აძლევდნენ. ტაძარში ვერც ჟურნალისტები შედიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაბრიელ ბერის საფლავი უკვე გახსნეს და წმინდა ნაწილებიც უკვე გადაასვენეს სვეტიცხოველში, თუმცა, ამას მრევლს უმალავდნენ, მაგრამ ბერ–მონაზვნებმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.
სავარაუდოდ, ამ დროისთვის უკვე გახსნილია წმინდა გაბრიელის საფლავი. მონასტრიდან ისმის გალობის ხმები, რაც ნიშნავს, რომ იქ საღვთო ლიტურგია ტარდება. ჯარისკაცებმა უკვე შექმნეს ცოცხალი კორიდორი მონასტრიდან სვეტიცხოვლისკენ – კორიდორში ასეულობით ჯარისკაცი დგას.
მცხეთაში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მისვლას ელოდებიან, რის შემდეგაც გაბრიელ ბერის ნაწილებს სვეტიცხოველში გადაასვენებენ, კათოლიკოს–პატრიარქი კი პარაკლისს გადაიხდის. ამის შემდეგ წმინდანის ნაწილებთან მიახლების საშუალება მრევლსაც მიეცემა.