-
2014-02-21 17:42
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება უცხოეთში საკუთარი შეიარღებული ძალების გაგზავნას, უმძიმესი პოლიტიკური და ემოციური გადაწყვეტილებაა:
"ჩვენ გავიარეთ ისიც, რას ნიშნავს, როდესაც ამ დროს ოპოზიცია გიტევს და გაბრალებს იმას, რომ შენს ბიჭებს საზარბაზნე ხორცად იყენებ უცხოეთში. ჩვენ ეს გავიარეთ, მათ შორის ბევრი ისეთი ადამიანისგანაც, რომელიც დღეს, ამ დარბაზშია და, ალბათ, ხმას მისცემს ჩვენი ჯარისკაცების ცენტრალურ აფრიკაში გაშვებას. ამიტომ, მე არ ვაპირებ დღეს იგივეთი ვუპასუხო დღევანდელ უმრავლესობას.
არ ვაპირებ გამოსვლას იმის თაობაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლება და უმრავლესობა საზარბაზნე ხორცად იყენებს ჩვენს სამხედროებს. მე მინდა ვთქვა, ჩვენ ყველას გვესმის ამ გადაწყვეტილების სიმძიმე, მაგრამ გვესმის, რომ ამას ვაკეთებთ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.
ამიტომ, ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს წარმატებულ მისიას, უვნებლად დაბრუნებას და იმის გააზრებას, რომ შორეულ აფრიკაში ამ მისიით და ამ დისლოკაციით ისინი საქართველოს ევროპულ მომავალს ემსახურებიან და თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოს უსაფრთხოებაში",- განაცხადა ბაქრაძემ.