
საქართველოს პრეზიდენტი (2004–2013) მიხეილ სააკაშვილი კიევში „თავისუფალი ზონისა“ და „ნაციონალური მოძრაობის წევრის დათო ყიფიანის მკვლელობას ეხმიანება და „ფეისბუქში“ წერს, რომ დათო ყიფიანი იქ საქართველოს თავისუფლებისთვისაც იბრძოდა.
"კიევში დაიღუპა დათო ყიფიანი, საუკეთესო ქართველი ახალგაზრდა. რისთვის იყო ის უკრაინაში - უკრაინის მტრები ამბობენ, რომ დათოსნაირ ბიჭებს ქირაობენ. კიევში მე ვნახე დათო და მისი თანამებრძოლები, შემრცხვა, რომ მათ მატერიალურად ვერ ვეხმარებოდი. ისინი თავიანთი კაპიკ-კაპიკ ნაგროვები ფულით ჩავიდნენ კიევში და ძალიან ხელმომჭირნედ იყვნენ.
დათო იყო „ნაციონალური მოძრობის" წევრი, მაგრამ იქ არ ყოფილა პარტიული ან რაიმე სხვა პოლიტიკური ინტერესებისათვის. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რატომ იყო დათო ყიფიანი უკრაინაში, უნდა გავიგოთ ის, თუ რატომ ჩამოდიოდნენ უკრაინელები საქართველოში.
დათომდე ცოტა ხნით ადრე დაღუპული იური ვერბიცკი, უკრაინული პრესის ცნობით, საქართველოს დასაცავად იბძოდა აფხაზეთში. ყველას, ვისაც აფხაზეთის ომი ახსოვს, იცის ისტორია რუსეთის სპეცრაზმის მიერ გარშემორტყმულ უკრაინელ მებრძოლებზე.
უკრაინელები ხმამაღლა ყვიროდნენ "Грузины не сдаются" და ბოლო ტყვიამდე ებრძოდნენ მტერს. მაშინ, უკრაინელები იბძოდნენ საქართველოსთვის და, ესე იგი, უკრაინისთვის.
დათო კიევში იბრძოდა უკრაინისთვის და, ესე იგი, საქართველოსთვის,
უკრაინისთვის და საქართველოსთვის და, ესე იგი, თავისუფლებისთვის!
დათოს შვილს, მამა ალბათ არ ემახსოვრება, მაგრამ ის გაიზრდება იმპერიისგან განთავისუფლებული, თავისუფალი უკრაინისა და თავისუფალი საქართველოს პირობებში და ყოველთვის ეცოდინება, რომ საქართველოს დროშა ამაყად ფრიალებდა მაიდანზე.
დათოს დაუპირეს ამ დროშის ხელიდან გამოგლეჯა, მან დროშა არ დახარა, ღირსება შეინაჩუნა და შემდეგ თავიც გაწირა, მაგრამ უკრაინული მაიდნიდან ის გამარჯვებული წავიდა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.