-
2013-05-16 23:25
სასულიერო პირები, მორწმუნეები და საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ზნეობის" მხარდამჭერები ღამეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილ შენობასთან გაატარებენ.
შეგახსენებთ, ეს ის ადგილია, სადაც 17 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის" მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქცია 13:00 საათზეა დაანონსებული.
17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ორგანიზაცია ”იდენტობის” ორგანიზებით, ხვალ ლგბტ–ის წარმომადგენლები და მათი უფლებადამცველები საქართველოშიც შეიკრიბებიან. ისინი ჰომოფობიას და ძალადობას 20-წუთიანი აქციით დაგმობენ.
პარალელურად იგეგმებოდა მათი საწინააღმდეგო აქციის გამართვაც, თუმცა, როგორც ამ წუთებში პარლამენტის ყოფილი შენობის წინ შეკრებილი სასულიერო პირები აცხადებენ, მათ გადაწყვეტილება შეცვალეს და გადაწყვიტეს, შენობის წინ ადგილები აქედანვე დაიკავონ. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე პარაკლისი მიმდინარეობს.
რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახური