-
2016-11-18 22:16
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია 8 ოქტომბრის ღამეს, ცესკოს წინ გამართულ მიტინგზე აცხადებდა, რომ არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, თითქოს ენმ პარლამენტში შევა, თუკი "ეხლა 26, 27 თუ 28%-ს დაგვიწერენ".
"ვინმეს ილუზია აქვს, რო ჩვენ ეხლა 26, 27 თუ 28%-ს რომ დაგვიწერენ... მაგ პარლამენტში ჯდომა გვინდა ამ უტიფრობის ფონზე?! ეს ილუზია არ ქონდეს არავის! საერთოდ!" - განაცხადა გიგა ბოკერიამ მიტინგზე, რასაც მხარდამჭერთა ოვაციები მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა, რომელსაც გიგა ბოკერიასთან ერთად ენმ-დან სხვა დეპუტატებიც ესწრებოდნენ. პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო.
ენმ-ს მხარდამჭერთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ უპრეცენდენტო გაყალბების ფონზე პარტიის დეპუტაციას პარლამენტში შესვლაზე უარი უნდა ეთქვა. ამავე აზრს იზიარებდა ენმ-ს დამფუძნებელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
პარლამენტის მანდატზე უარი ენმ-ს სიით გასული დეპუტატებიდან მხოლოდ სანდრა რულოვსმა თქვა. მოგვიანებით, ენმ-ს სიით აჭარის უზენაეს საბჭოში მოხვედრილმა ლევან ვარშალომიძემაც უარი განაცხადა უზენაეს საბჭოში შესვლაზე.