-
2014-02-19 09:19
ბოლო მონაცემებით, კიევში 18 თებერვალს, დილიდან დაწყებული შეტაკებების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 მილიციელი და ერთი ჟურნალისტია. დაღუპულთა შორის ქალიცაა.
ვრცელდება გარდაცვლილთა შესახებ ალტერნატიული ცნობებიც. ევრომაიდნის კომენდატურის ცნობით, 30-დე ადამიანია დაღუპული, ათასზე მეტი კი - დაჭრილი. ცნობები თითქმის ყოველ ნახევარ საათში ერთხელ იცვლება.
გარდაცვლილთაგან უმრავლესობას ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. ოფიციალური ცნობით, ქალაქის საავადმყოფოებს ასობით დაჭრილმა მიმართა. ასზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათგან ათეულობით დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია.
კიევის ცენტრი ცეცხლშია გახვეული. აქტივისტებს მძევლად ჰყავთ აყვანილი რამდენიმე ბერკუტელი, დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. დაიწვა კიევის პროფკავშირების სახლი, რომელსაც ცეცხლი ბერკუტელებმა წაუკიდეს.
არეულობაა უკრაინის რეგიონებშიც: ლვოვში აქტივისტებმა აიღეს შსს-ს საოლქო სამმართველოს შენობა და ერთერთი სამხედრო ნაწილი, სადაც არსებული იარაღის არსენალი დალუქეს. ლვოვის მერმა მილიციელებს ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა, ივანოვო-ფრანკოვსკის მილიციის უფროსი გადადგა, ხოლო როვნოში აქტივისტების შტურმის შემდეგ „ბერკუტმა“ იარაღი დაყარა და ბაზა დატოვა.
ტერნოპოლში აქტივისტებმა მილიციის სამმართველოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, დაწვეს ასევე პროკურატურის შენობაც. ზაპოროჟიესა და ოდესაში აქტივისტებს კიევში წასვლისკენ მოუწოდეს, ოდესაში საბურავები დაუზიანეს ძალოვნების ყველა ავტომანქანას, რომლებითაც კიევში დამატებითი ძალების გადასროლა იგეგმებოდა.
კიევში 19 თებერვალი უქმე დღედ გამოცხადდა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის წერილობითი მიმართვა, სადაც ის აცხადებს, რომ ესკალაციის მიუხედავად, მოლაპარაკების შედეგად სიტუაციის განმუხტვის შანსი ჯერ არ ამოწურულა. იანუკოვიჩი პასუხისმგებლობას ოპოზიციის ლიდერებს აკისრებს და მიმართვაში აღნიშნავს, რომ ისინი ზღვარს გადავიდნენ, როცა ხალხს იარაღის აღებისკენ მოუწოდეს.