-
2013-05-16 13:50
ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებულები მამუკა გვაზავა და ირაკლი ფირცხალავა, საქმის დროულ გამოძიებასა და სასამართლოს დანიშვნას მოითხოვენ.
როგორც „პრესკლუბში მე-17 სართლულზე“, ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმის“ პირდაპირ ეთერში მამუკა გვაზავამ განაცხადა, მოწმეებმა მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცეს. სამივე მოწმე იმ დროისათვის სხვადასხვა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა ჩვენების მიცემის შემდგომ ისინი გათავისუფლდნენ.
გვაზავა ამ ფაქტს საეჭვოს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ საკითხებზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მოწმის ნუგზარ გვილავას ჩვენების მიხედვით, გვაზავამ ის შემთხვევაში ადგილიდან ტყვიების მოსატანად გააგზავნა, რაც გვაზავას თქმით, შეუძლებელი და ტყუილია.
ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა აშშ-დან, ბრიტანეთიდან და რუსეთიდან უკვე ჩამოსულია და მისი გადათარგმნა მიმდინარეობს.
ფირცხალავა აცხადებს,რომ შსს-ს და სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები ავთენტურია საზღვარგარეთ ჩატარებული ექსპერტიზების, სადაც დასტურდება, რომ ვიდეომასალის საწყისი კადრები 5 წუთამდე უწყვეტია. ირაკლი ფირცხალავა საიასა და სახალხო დამცველის აპარატს უმოქმედობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, იგი საიას წარმომადგენელს და ომბუდსმენს შეხვდა და მათ აღნიშნული საქმის ირგვლივ ვითარება გააცნო,თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.
ფირცხალავა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რეაგირება მოახდინონ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ყველა ფაქტებზე. მისივე თქმით, დღეს საია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები შერჩევით რეაგირებენ კანონდარღვევებზე.