
თბილისში, გოთუას ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, მტკვარში ჩავარდნილი პიტბულის ჯიშის ძაღლი მაშველთა ჯგუფმა გადაარჩინა. შემთხვევა 6 აპრილს მოხდა. ძაღლი ყიფშიძის ქუჩიდან დაიკარგა და მტკვრის კალაპოტში მისი პოვნის შესახებ ზარი 112-ში მოქალაქეებისგან შევიდა.
ადგილზე ოპერატიულად გასულმა მობილურმა ჯგუფმა ცხოველი იპოვა სანიაღვრე მილში, საიდანაც ძლიერი დინების გამო, ამოსვლას ვერ ახერხებდა და სასიკვდილოდ იყო განწირული.
რთული ვითარებიდან გამომდინარე, ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ჩაერთვნენ, რომელთა
ტექნიკური დახმარებითაც, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელი სპეციალური საშუალებებით ჩავიდა მტკვარში და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად მოახერხა ძაღლის უვნებლად ამოყვანა და გადარჩენა.
პიტბულის ჯიშის ძუ სწორედ დაკარგული როსი აღმოჩნდა.
ის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ვეტ-ექიმების მიერ პირველადი დახმარება გაეწია.
ცხოველის მოძლიერების პარალელურად, თავშესაფარში მივიდა მისი პატრონი. მან ამოიცნო თავისი ძაღლი, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ეძებდა. გიორგიმ და მისმა პიტბულმა როსიმ თავშესაფარი დატოვეს.
თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.Ge-სთვის