"კოლექტიური მეხსიერება", მისი დეფიციტი საქართველოში და ამ დეფიციტის შედეგები

Image

 

"კოლექტიური მეხსიერება" (იგივე კოლექტიური ხსოვნა) რეპრესიული, ტრაგიკული წარსულის შესახებ საზოგადოების, ერის მიერ კოლექტიურად გაზიარებულ აზრს, უთქმელი თანხმობით, ოფიციალურად მიღებულ ეროვნულ თხრობა-ნარატივს ნიშნავს.

 

იმისთვის, რომ ტრამვატული წარსულის კოლექტიური ხსოვნა ჩამოყალიბდეს საზოგადოებები მემორიალიზაციის ისეთ ფორმებს მიმართავენ, როგორიცაა ოკუპაციის და რეპრესიის მსხვერპლთა ძეგლების, მემორიალებისა და საძმო სასაფლაოების შექმნა, დაღუპულთა და ასევე ტრაგიკული, ისტორიული მოვლენების აღსანიშნავი ხსოვნის დღეების დაწესება, ოკუპაციის მუზეუმების დაარსება, ტრაგიკული წარსულის შესახებ ისტორიული მასალების აქტიური მოძიება, მტრის მიერ თავსდატეხილ უბედურებათა და ეროვნულ მოღვაწეთა გმირობის შესახებ ისტორიული შრომების, ნარკვევების, სასკოლო-სახელმძღვანელო წიგნების, დოკუმენტური და მხატვრული ფილმების შექმნა და სხვა მრავალი.

ერები და საზოგადოებები "კოლექტიური მეხსიერების" შექმნას უმეტესწილად ტრაგიკული და სისხლიანი ოკუპაციების შემდეგ იწყებენ, რათა ოკუპაციით შერყეული ეროვნული იდენტურობა, მოქალაქეობრივი და საზოგადოებრივი თვითშეგნება განამტკიცონ, ან სულაც გარდაქმნან და ეროვნული ერთიანობის ჩამოყალიბება-შენარჩუნებას შეუწყონ ხელი.

 

ქვეყნის მთავრობები, ინტელექტუალური წრეები და საზოგადოების სხვა ფენები, ხედავენ რა, კოლექტიური ხსოვნის გამაერთიანებელ და შემაკავშირებელ ძალას ქვეყნის ეროვნულ ცხოვრებაში, ერთდროულად არიან ჩართულნი კოლექტიური მეხსიერების შექმნის პროცესში.


თანამედროვე მსოფლიოში თითქმის არ დარჩენილა არც ერთი განვითარებული ერი და ქვეყანა, რომელსაც მის მიერ განცდილი ტრაგიკული წარსულის შესახებ კოლექტიური ხსოვნის ჩამოყალიბების ინტენსიური პოლიტიკა არ გაეტარებინოს.

 

კოლექტიურ ხსოვნას ქმნის ყველა ქვეყანა და საზოგადოება, რომელსაც საკუთარი თავისუფლება და მომავალი ძვირად უღირს.

 

მტრის მიერ თავსდატეხილ ბოროტებათა კოლექტიური ხსოვნის გამომხატველი მემორიალი, წიგნი თუ ხსოვნის დღე, მუდამ თავს ახსენებს საზოგადოებას წარსულ უბედურებას, აფრთხილებს მისი მომავალში განმეორების საშიშროების შესახებ, ქვეშეცნეულად აყალიბებს და განამტკიცებს ეროვნულ ცნობიერებას და აერთიანებს საზოგადოებას.

 

ეს გახლავთ კოლექტიური მეხსიერების უმთავრესი ფუნქცია და მისი შედეგი.

 

კოლექტიური მეხსიერების ფორმირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ საქართველოსა და ქართველი საზოგადოებისათვის, მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა საბჭოთა ოკუპაციისაგან განთავისუფლდა 1990-იანი წლების დასაწყისში.

 

რუსული (ორივე, ცარისტული და კომუნისტური) ოკუპაცია საქართველოში მთლიანობაში 187 წელი გაგრძელდა (და სამწუხაროდ, მთლიანად ჯერაც არ დამთავრებულა, რისი მოწმეც თითოეული ჩვენგანია).

 

ამ დროის განმავლობაში, რუსეთმა საქართველოს და ქართველ ხალხს განუზომელი მასშტაბის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მორალური უბედურებები დაატეხა თავს.

 

ხანგძლივმა რუსულმა ოკუპაციამ მოარყია ქართული ეროვნული ცნობიერება და ფიზიკურად მოსპო, ან თვისობრივად გადააგვარა ჩვენი საზოგადოებრივი ინსტიტუტები. საქართველოს ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე (1980-იანი წლების მიწურულსა და 1990-იანი წლების დასაწყისში) ისე ჩანდა, რომ ორსაუკუნოვანი, სასტიკი, რუსული ოკუპაციის შემდეგ, ამ საზარელი ბოროტების შესახებ კოლექტიური ხსოვნის შექმნა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რათა შერყეული ეროვნული იდენტურობა გაგვემყარებინა, საზოგადოებრივი კონსოლიდაცია მოგვეხდინა და ჩვენ, როგორც ერს, მომავლის საერთო გეგმები ერთად დაგვესახა.

 

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ეს ასე არ მოხდა! ეროვნული მოძრაობის დაშლისა და სამოქალაქო ომის შემდეგ, თუ რამდენიმე ისტორიულ ნარკვევს, დოკუმენტურ ფილმს და 2006 წელს მთავრობის ინიციატივით თბილისში შექმნილ, "საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს" არ ჩავთლით, საქართველოში ცარისტულ და საბჭოთა ოკუპაციის საშინელებებზე კოლექტიური ხსოვნის ფორმირება შორს არ წასულა.

 

ჩვენში რუსეთის 187 წლიანი ოკუპაციის მიერ დატრიალებულ ბოროტებებზე ცოდნა ნაწილ-ნაწილ, არასისტემურად და არათანმიმდევრულად შემოვიდა, რამაც საზოგადოების უმეტეს ნაწილში საქართველოს ამ უაღრესად ტრაგიკულ პერიოდზე არასრული და მხოლოდ ზედაპირული ცოდნა დაამკვიდრა. ჩვენ, როგორც საზოგადოებამ და როგორც ქვეყანამ, ვერ შევძელით შეგვექმნა ისტორიულ ფაქტებზე დამყარებული საერთო ეროვნული თხრობა-ნარატივი, იგივე კოლექტიური ხსოვნა, საქართველოში რუსული (ორივე, ცარისტული და საბჭოთა) ოკუპაციის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, რომელსაც ერი გაიზიარებდა და მისი მომავალში თავიდან ასაცილებლად, ერთად, თავდადებით იბრძოლებდა.

 

აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ აქვს "უკვდავი" ნოსტალგია საბჭოთა კავშირისადმი, იმპერიისადმი, რომელმაც მათ სამშობლოს თავისუფლება წაართვა და 70 წლის მანძილზე ასეულ-ათასობით მათი თანამემამულე უმოწყალოდ გაჟლიტა.

 

"კოლექტიური ხსოვნის" უქონლობა განაპირობებს სწორედ, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღემდე მისტირის "ერთმორწმუნე რუსეთთან მეგობრობას" მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელმა აფხაზეთთსა და შიდა ქართლში ათასობით მათი თანამემამულე ასევე დაუნდობლად ამოხოცა, ასეულ-ათასობით მათი თანამოქალაქე საკუთარი მიწიდან გამოყარა და მათი სამშობლო დაამცირა და შეურაცხყო.

 

ასევე არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენში თავისუფლადმონავარდე, საზოგადოების ყველა სფეროში გავრცელებული, ქართველი კოლაბორაციონისტები ასეთი ენთუზიაზმით, იმედითა და აღტკინებით მუშაობენ და ქადაგებენ "ჩვენს ისტორიულ მეგობარ და ერთმორწმუნე" რუსეთთან ახლო-მეგობრული ურთიერთობების "აღდგენაზე." ქართველი კოლაბორაციონისტების ამ იმედისა და ენთუზიაზმის მიზეზს ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში უნდა ვეძებდეთ - ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ სრულიადაც არ მიაჩნია განცდილი ცარისტული და საბჭოთა ოკუპაცია (და მისი მემკვიდვრე პოსტ-საბჭოთა რუსული ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიის მეხუთედზე) როგორც ბოროტება.

 

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ და როგორც ქვეყანამ, ვერ შევქმენით კოლექტიური ხსოვნა, რომელიც თანმიმდევრულად და სრულად გამოამზეურებდა საქართველოში ხანგრძლივი რუსული ოკუპაციის მიერ დატრიალებულ საშინელებათა უამრავ მაგალითს და რუსულ ოკუპაციას ქართულ ისტორიაში, ყოფირებასა და ცნობიერებაში სრულიად დამსახურებულად, აბსოლუტურ ბოროტებად შერაცხდა.

 

ახლა, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და მტერი გარედან და შიგნიდან, ქართველი კოლაბორაციონისტების აქტიური მოქმედებით, გააფთრებული ცდილობს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთხელ ხელყოფას და ქართული სახელმწიფოს საბოლოო მოსპობას, როგორც არასდროს გვჭირდება კოლექტიური ხსოვნის შექმნა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა საქართველოში ცარისტული და საბჭოთა ოკუპაცია, რათა იგი, ან მისი მსგავსი ბოროტება, საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს.

 

ვასილ რუხაძე, კენტის უნივერსიტეტის (Kent State University, USA) პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი.

გამოქვეყნდა გაზეთ "24 საათში". ფრაგმენტები.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !