-
2016-01-14 16:51
დღეს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. დროშის დღის აღნიშვნა საქართველოს რეგიონებიდან დაიწყო. ენგურის ხიდზე, ბათუმში, ახალციხეში, შინდისში, ყაზბეგში, ბოლნისში, მარნეულში, ახმეტასა და ლაგოდეხში დროშა სტუდენტებმა და იუნკრებმა აღმართეს.
ამასთან, სტუდენტებმა პრეზიდენტის სასახლეში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო დროშის ორიგინალის აღმართვაში და მოუსმინეს საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დროშის დღესთან დაკავშირებით სიტყვა წარმოთქვა.
სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წელს აღინიშნა. ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშად, 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც პარლამენტმა „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა. სწორედ ამ კანონის მიღების დღე, 14 იანვარი დადგინდა სახელმწიფო დროშის დღედ.
ქართული სახელმწიფო დროშის შესახებ (მისი ფერისა და გამოყენების თაობაზე) რამოდენიმე წერილობითი წყარო მოიპოვება (ქართლის ცხოვრება, სტეფანოზ ორბელიანი, იოანე შავთელი).
სავარაუდოდ, დღეისათვის არსებული სახეს "გორგასლიან-დავითიანი" დროშა 1320 წლიდან იღებს, როდესაც მეფე გიორგი V ბრწყინვალემ (1314-1346 წ.წ.) "კლიტენი იერუსალიმისანი" ჩაიბარა.
ამ დროიდან მაცხოვრისა და მახარობლების განმასახიერებელი ხუთნიშნიანი კომპოზიცია (სხვადასხვა სახეცვლილებით, მათ შორის, 5 ჯვრის გამოსახვით) უკვე გვევლინება საქართველოს დამაფიქსირებელ სიმბოლოდ, რაც დასტურდება მრავალი ვიზუალური წყაროს საშუალებით - პიეტრო ვესკონტეს (1318 წ.), ანჯელინო დულჩერის (1339 წ.), ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანოების (1367 წ.), გებრიელ დე ვალსეკას (1439 წ.) და სხვათა საზღვაო რუკებით (პორტულანებით).