-
2015-12-06 22:31
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამთო-ქიმიურ კომპანიაში კორუფციული სქემების მონაწილეები არიან პოლიტკოსი და მეწარმე დავით ჟვანია, დეპუტატი ნიკოლაი მარტინენკო, "ენერგოატომის" თავმჯდომარე იური ნედაშკოვსკი, აღმოსავლეთ უკრაინის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გენდირექტორი ალექსანდრ სოროკინი და პრემიერი არსენი იაცენიუკი.
ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა განაცხადა ოდესაში ანტიკორუფციული ფორუმის მიმდინარეობისას. მისი სიტყვებით, ამ სფეროში სახელმწიფო ყოველწლიურად 5 მილიარდ დოლარს ჰკარგავს.
ასევე, სააკაშვილმა განაცხადა მილიარდერ რინატ ახმეტოვის მონაწილეობის შესახებ უკრაინის რკინიგზის კორუფციულ სქემაში, სადაც სახელმწიფო ყოველ წელს 2,2 მილიარდ დოლარს ჰკარგავს.
გარდა ამისა, მისი სიტყვებით, კორუფციაში ოდესის პორტის ქარხანაში გარეულია მარტინენკო. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ჩრდილოვანი სქემებით ამ ქარხანამ მიიღო 700 მილიონი დოლარი.
გუბერნატორმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მილიარდერ იგორ კოლომოისკიზე დაქვემდებარებულმა "უკრნაფტამ" არ გადაიხადა 1 მილიარდი დოლარის გადასახადები და სახელმწიფოს ვალი აქვს 500 მილიონი დოლარი.
"საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კოლომოისკი გადასახადებს იხდიდა", - თქვა სააკაშვილმა.ოლიგარქი დმიტრი ფირტაში სააკაშვილმა დაადანაშაულა ტიტანისა და ქიმიური წარმოებების აქტივების გზით 500 მილიონი დოლარის გადინებაში.