
ოდესის ოლქის შინაგანი უსაფრთხოების ხელმძღვანელმა კონსტანტინე მჭედლიშვილმა ხელქვეითთა მუშაობის ეფექტურობის შემოწმება საკუთარი გარეგნობის შეცვლაზე დამყარებული ექსპერიმენტით გადაწყვიტა. მან ბოგანოს ტანსაცმელი ჩაიცვა და მილიციის განყოფილებაში მივიდა.
კოტე მჭედლიშვილმა მილიციელებს სევდით აღსავსე ხმით მოუთხრო, როგორ დაკარგა პასპორტი და განაცხადა, რომ მისი აღდგენის მიზნით განცხადების შევსება სურს. ხელქვეითებმა უფროსი ვერ იცნეს და ის განყოფილებიდან გააგდეს.
მოგვიანებით კოტე მჭედლიშვილი იმავე ფორმაში დაბრუნდა განყოფილებაში და როცა ისევ გაგდება დაუპირეს, მათ სამსახურებრივი წიგნაკი წარუდგინა.
„ამის შემდეგ კოტე ფეხდაფეხ მისდევდა მილიციელებს, რომლებიც თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ განყოფილებიდან და ეხვეწებოდა, რომ ადგილებზე დაბრუნებულიყვნენ. ბიჭებს მაგრად შეეშინდათ“, - სიცილით იხსენებს კოტეს მეგობარი ბაჩო ქორჩილავა.
როგორც კოტე მჭედლიშვილმა გაზეთ „სეგოდნიას“ უთხრა, გულგრილი მილიციელები სამსახურიდან არ გაუშვია და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა:
„როცა შეჭირვებული ადამიანი მოდის, მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ და ზოგადად, პოლიციაში მისულ ადამიანს უნდა უღიმოდნენ, ისევე, როგორც ბანკში“, - განაცხადა კოტე მჭედლიშვილმა.