ეკონომისტი, ექსპერტი რომან გოცირიძე "რუსთავი-2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება და "ფეისბუქზე" წერს, რომ მოვა დრო, როცა ყველას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე: "სად იყავი მაშინ, როცა "რუსთავი-2"-ს უჭირდა?".
"გავა დრო და ყველა წესიერ ადამიანს მოუწევს კითხვაზე პასუხის გაცემა: სად იყავი, როცა უჭირდა რუსთავი 2-ს? შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ჩვენი შვილების წინაშეც მოგვიწიოს პასუხის გაცემა.
რუსთავი ორის დამარცხების შემდეგ სულ სხვა ქვეყანაში აღმოვჩნდებით. უკვე ჩანს ამის ნიშნები. მერე უფრო ნათელი გახდება.
მთავრობას უნდა ეს მოვლენები ერთი პარტიის პრობლემად წარმოაჩინოს. ბეცი უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, რომ მთელი ქვეყანა განიცდის ამ უსამართლობას.
დიდი ხანია არა ვარ არცერთი პარტიის წევრი და არც პოლიტიკური ამბიციები მაქვს. ვდგავარ იქ, სადაც გული და სინდისი მკარნახობს! ერთ დროს ყველა ქართველი სადღც იყო ან ვიღაცას უჭერდა მხარს. დღევანდელი ხელისუფლებაც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრებითა და შევარდნაძის კადრებითაა წარმოდგენილი. არა არის მთავარი, გუშინ ვინ სად იყო. მთავარია, სად ხარ დღეს: სიმართლის თუ სიცრუის, გონიერების თუ უგუნურობის, მომავლის პერსპექტივის თუ წარსულის უიმედობის გვერდით.
გამოფხიზლდით. მერე არ შეგრცხვეთ!", - წერს რომან გოცირიძე.