-
2015-10-18 22:20
ზუგდიდის ცენტრში სექსუალური ძალადობის ამსახველი ე.წ. კასრების ვიდეოს სახალხოდ ჩვენებას ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია დაესწრო და ტვ "ოდიშთან" საუბარში განაცხადა, რომ მისი აზრით, მსგავსი ჩვენება აუცილებელი და საჭიროა.
ვიდეოპროექტორით კადრების ჩვენება ცენტრალური ფოსტის წინ, რაფიელ ერისთავის ხეივანში, "საზოგადოებრივი დარბაზის" ინიციატივით გაიმართა. დარბაზის ხელმძღვანელი სოსო ლაგვილავა აცხადებს, რომ ვიდეოჩვენების დაწყების წინ ბავშვები ტერიტორიას გაარიდეს, თუმცა, კადრში ჩანს, სავარაუდოდ, მოზარდი, რომელიც ვიდეოპროექტორით ჩვენებას ხელმძღვანელობს. ამას გარდა, ჩვენების ადგილიდან შორიახლოს მყოფი მოზარდები და ბავშვები ტვ "ოდიშის" კამერებმაც დააფიქსირეს.
ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია აცხადებს, რომ ამ სახალხო ჩვენებაში მიუღებელი არაფერია და კადრების ნახვას თვითონაც აპირებს. "ჩემი აზრით, აუცილებელია, ხალხმა იცოდეს, რა ხდებოდა", - ამბობს ის ჟურნალისტებთან საუბარში.