
თბილისის ცენტრში, კოლმეურნეობის მოედანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ოფისის სიახლოვეს ე.წ. „კასრის ვიდეოები“ უჩვენეს, სადაც სექსუალური ძალადობის სცენებია გადაღებული.
ჩვენება ერთერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწყო, რომელმაც კოლმეურნეობის მოედანზე ვიდეოპროექტორი გამართა. ვიდეოს ჩვენებას გამვლელი მოზარდებიც ესწრებოდნენ. ჩვენების ორგანიზატორებმა მოქალაქეებს რუპორით მიმართეს.
რამდენიმე გამვლელმა სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების სახალხო ჩვენება გააპროტესტა, „აფხაზეთის ხმის“ ჟურნალისტი ნინო კეკელია კი, რომელიც მეგობართან ერთად შემთხვევით გახდა ჩვენების თვითმხილველი, მოქალაქის სტატუსით საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა.
პოლიცია დაახლოებით ორ წუთში მოვიდა, თუმცა, მოვლენების მსვლელობაში არ ჩარეულა: ეკიპაჟის წევრები მოშორებით გაჩერებულ ავტომანქანასთან იდგნენ, ერთერთი კი მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, სავარაუდოდ, ზემდგომებთან. პოლიციელებმა უპასუხოდ დატოვეს ნინო კეკელიას შეკითხვა: „ვის ბრძანებას ელოდებით?“.
ნინო კეკელიას მხოლოდ მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც მან შემთხვევის შესახებ ფოტოები „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა და ფოტოებიც დაურთო. ამჟამად ჟურნალისტი მთაწმინდის პოლიციაშია გადაყვანილი, სადაც მას მოწმის სახით დაკითხავენ.