
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "რუსთავი-2"-ის საკიტხზე მსჯელობისას ენმ-ს ერთერთი ლიდერის, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოკა გაბაშვილის გამოსვლა.
"ჩვენს შეცდომებზე გელაპარაკოთ? ძალიან კარგად მახსოვს ეს შეცდომებიც. ძალიან დიდი სისულელე იყო, მიუხედავად იმისა, რომ განზრახვა ამისა არ ყოფილა, შესვლა ამ სამოქალაქო დაპირისპირების სპირალში, რომელზედაც ჩვენ იძულებულები ვიყავით საგანგებო მდგომარეობა გამოგვეცხადებინა და მართლაც სპეცრაზმით შევსულიყავით, კი, ოლიგარქის ტელევიზიაში, კი, ტელევიზიაში რომელზედაც ბადრი პატარკაციშვილი ღიად ამბობდა, რომ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოვიყენებო, მაგრამ ეს ჩვენი შეცდომა იყო და ვერავის ამ შეცდომას ვერ დავაბრალებთ და ვერავის ამ შეცდომას ვერ დავაბრალებდით და თუ ვინმეს გონია, რომ ვინმეს ძალიან უხაროდა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მაშინ, ეს ასე არ იყო.
მაგრამ ძალიან მძაფრი იყო საზოგადოების რეაქციაც, საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაც, ადამ მიხნიკის კომისიაც კარგად მახსოვს, ეუთოს მომხსენებლების დასკვნებიც კარგად მახსოვს და წინასწარი შეფასებებიც ელჩების, რომ დამოუკიდებელ და ყველაზე კრიტიკულ ტელევიზიაში შესვლა წითელი ხაზია და ამიტომ სხვანაირად პოლიტიკური კონფლიქტი არ გადაწყდება, თუ არა რიგგარეშე არჩევნებით.
და თქვენ რა გინდათ ახლა, გგონია რომ ამას შენიღბავთ? მართლა გგონიათ, რომ ამას ქიბარ ხალვაშის სამართლიანობის აღდგენად გაყიდით? მართლა გგონიათ, რომ ან ხალხია სულელი, ან პოლიტიკური პარტიები არიან სულელები? ”