-
2015-09-30 01:29
ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მისი დაბრუნების შემთხვევაში რუსეთის არმია ქვეყანას ნაწილებად დაჰყოფს. ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალ "ნოვოე ვრემიასთან" ინტერვიუში განაცხადა.
ოდესის გუბერნატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს გადარჩენა უკრაინაზეა დამოკიდებული, ხოლო სამშობლოში დაბრუნების გზას ვერ ხედავს მანამ, სანამ პუტინი ხელისუფლებიდან არ წავა ან მისი პოზიციები არ შესუსტდება:
"მე შემიძლია შემოდგომაზე საქართველოში დავბრუნდე და თითსაც ვერავინ დამაკარებს, მაგრამ სცენარი ძალიან მარტივია: რუსეთის ჯარის ნაწილები, რომლებიც თბილისიდან არც ისე შორს დგანან, ასეთ შემთხვევაში სომხეთისკენ გზას გაიკაფავენ და საქართველოს ნაწილებად დაჰყოფენ", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
"სანამ პუტინი არ წავა ან არ შესუსტდება, საქართველოში დაბრუნების გზას ვერ ვხედავ", - დაამატა მან.