
უეფას სუპერთასის თბილისური მატჩის წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ფინალის წინამოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ფინალის ღირსეულად მასპინძლობისთვის ყველაფერი გააკეთა. მისივე თქმით, ფინალის თბილისში გამართვა დადასტურდა ორი წლის წინ, ანუ, 2013 წელს, ივანიშვილი-პლატინის შეხვედრის დროს.
"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამ მატჩის ღირსეულად მასპინძლობისთვის, 20 მილიონი ლარი დაიხარჯა სტადიონის სრული რეაბილიტაციისთვის",- განაცხადა პრემიერმა და გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა - თბილისის მერს, დავით ნარმანიას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს, სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე კახა კალაძეს, ასევე ფეხბურთის ფედერაციას.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სუპერთასის ფინალის თბილისში გამართვის გადაწყვეტილება 2 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილისა და მიშელ პლატინის შეხვედრისას დადასტურდა.
რა მოხდა სინამდვილეში? როდის დასად გადაწყდა თბილისში უეფას სუპერთასის ფინალის გამართვა?
2013 წლის 26 აპრილს, როცა საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიშელ პლატინის თავის ბიზნესცენტრში შეხვდა. შეხვედრას საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე და სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანიც ესწრებოდნენ.
2013 წელს პრემიერმინისტრ ივანიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეც კი, საიდანაც ინფორმაცია გაავრცელეს სააგენტოებმა, 2013 წელს არაფერი იყო ნათქვამი სუპერთასის ფინალის შესახებ, რადგან ეს საკითხი, მინიმუმ, ერთი წლით ადრე, ხელისუფლებაში ბიძია ივანიშვილის მოსვლამდე იყო გადაწყვეტილი.
ივანიშვილი-პლატინის შეხვედრის შესახებ სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში 2013 წელს ნათქვამი იყო მხოლოდ ის, რომ მიშელ პლატინიმ და ბიძინა ივანიშვილმა ქართული ფეხბურთის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს. მაშინ მიშელ პლატინი თბილისში UEFA-ს ფუტსალის ოთხთა ფინალის გახსნას დაესწრო.
რაც შეეხება უეფას სუპერთასის ფინალის ჩატარების ადგილს, უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული არქივის მიხედვით, ეს საკითხი გადაწყდა 2012 წლის 29 ივნისს, კიევში, როცა უეფას აღმასკომმა დაადგინა, რომ სუპერთასის ფინალი 2014 წელს კადდიფიში, ხოლო 2015 წელს - თბილისში გაიმართებოდა.
ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მთავრობაში დაწყებულ განხილვებზე დეტალურად ჰყვება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, რომელიც იხსენებს, რომ სტადიონის რეკონსტრუქციისთვის და ინფრასტრუქტურული ხარჯებისთვის საჭირო თანხა სწორედ იმ დროს დაანგარიშდა. ზვიად სიჭინავა კურიოზსაც იხსენებს, რომელიც უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში შეემთხვა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა უეფას სუპერთასის ფინალში მონაწილე გუნდებიც კი არ იყო ცნობილი:
"დამირეკეს და მითხრეს, რომ ზემოდან, დავალებით რეკავდნენ და სიები მომთხოვეს. როცა დავინტერესდი, რა სიები-მეთქი, აღმოჩნდა, რომ ფინალში მონაწილე ფეხბურთელების სიები უნდოდათ, ვინც თბილისში ჩამოდიოდა. მე ვუთხარი, ესენი კი არა, ის რომ ვიცოდე, რომელი გუნდები ითამაშებენ ფინალში, აქ რა მინდა-მეთქი", - ამბობს ზვიად სიჭინავა.