
კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა გლდანის ციხეში პატიმართა კორპუსის წინ გაატარეს და სხვადასხვა კრიმინალური დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა მხრიდან წამოსული გინება და უცენზურო სიტყვები მოასმენინეს.
ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა და მოსამართლეს სთხოვა, მიიღოს ზომები მისი უსაფრთხოების დასაცავად:
„წინა სასამართლოზე, აქედანაც რომ გავედი, წამიყვანეს გლდანის ციხეში. შემიყვანეს პატარა ოთახში. როცა ციხემ დაიძინა, ღამით 2 საათზე საკანში გამიყვანეს. მომიტანეს ნივთები. მეორე დღეს ადვოკატი იყო შემოსული, იძულებული გახდნენ, რომ გამოვეყვანე ეზოში. პატიმრის კორპუსი უნდა გამევლო, ატყდა ერთი ამბავი.
დაახლოებით, 1000-მდე კაცმა „მომიკითხა“ ოჯახის წევრები, ყველა კეთილისმსურველი, მე ხმა არ გამიცია, იმიტომ რომ ვიცი, რა შედეგები მოყვებოდა ამას. უკან რომ დავბრუნებულიყავი, მითხრეს, კეპი დაიხურეო. უკან გზაზეც იგივე მოხდა.
წუხელ კი ღამის 4 საათზე გამაღვიძეს, სასამართლოში უნდა წავიდეთო. საათი გეშლებათ-თქო, ვუთხარი. ჩაალაგე ნივთები, არ გვეშლებაო. ისევ იმ ავადსახსენებელ ოთახში ველოდებოდი ბადრაგს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს 2 დღე არ მიჭამია, არ მძინებია, მაინც მოვედი. მინდა გთხოვოთ თქვენ, ჩაერთოთ ამ სიტუაციაში.
სადაც უნდათ იქ ჩამსვან, მე პრობლემა არ მაქვს. იმისთვის არ ვემსახურე 18 წელი საქართველოს, რომ ყველა გასვლა-გამოსვლაზე შეურაცხყოფა მომაყენონ“, - აღნიშნა ფირცხალავამ.
საპასუხოდ მოსამართლემ განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფთა განთავსების საკითხს სასჯელაღსრულების ადგილებში წყვეტს პენიტენციური სისტემა, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ მიმართავს შესაბამის უწყებას, უზრუნველჰყოს ირაკლი ფირცხალავას უსაფრთხოება.