
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ნებისმიერი სიტყვა იყო იმის დასტური, რომ საქართველოს ხელისუფლების რეაქცია სწორია.
შეგახსენებთ, ტუსკიმ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების რეაქციას 10 ივლისიდან დაწყებული პროვოკაციის დროს, ხოლო თინა ხიდაშელის განმარტებით, მან ასევე, განაცხადა, რომ ხელისუფლებამ არ უნდა გადააჭარბოს რეაქციაში.
ხელისუფლების წარმომადგენელთა მიდგომას იმის თაობაზე, რომ დონალდ ტუსკიმ შეაქო ზომიერი რეაქცია, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი არ ეთანხმება. მაგალითად, ელენე ხოშტარია გამოეხმაურა ამ დამოკიდებულებას და "ფეისბუქში" დაწერა:
"ტუსკმა შეაქო ჩვენი რეაქცია ხურვალეთზე" - ამაზე მინდა პატარა კომენტარი. სწორედ ეს არის ჩვენი არასწორი საგარეო პოლიტიკის შედეგი, რომ ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირს შევუქმნათ მოქმედების აუცილებლობის წნეხი, მივმართოთ დიპლომატია, რომ მათი, როგორც ფორმალური მედიატორის ქმედებებზე ვიყოთ ორიენტირებული, ვუქმნით უმოქმედობის კომფორტს.
დღევანდელი მოცემულობა ასეთია, რომ ევროკავშირის ქმედებას ჭირდება ჩვენი დიდი ძალისხმევა. ჩვენ კი ჩვენს უმოქმედობას "ვაპრავებთ" მსგავსი განცხადებებით და შედეგად ვრჩებით რეაქციის გარეშე. დამერწმუნეთ, დღეს ჩვენ რომ ვაღიაროთ აფხაზეთი, მაგალითად, ბევრი ევროკავშირის წევრი დაგვიკრავს ტაშს, რადგან თავის ტკივილი მოცილდებათ".