
ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ პოროშენკოსთან ჩატარებულ თათბირზე, რომელსაც საოლქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, აცხადებს, რომ რამდენიმე კორუფციულ გარიგებაზე მოქალაქეების მიერ "ფეისბუქზე" გამოგზავნილი შეტყობინებებით გავიდა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ერთმა მოქალაქემ გაუგზავნა შეტყობინება, რომლის თანახმადაც მას, მეთევზეს, უკვე ცხრა თვეა პატარა ნავით თევზის საჭერად გასვლის ნებართვას არ აძლევენ, ხოლო ყველაზე კურიოზულ მაგალითად სააკაშვილმა ის მოიტანა, რომ უკრაინელი თანამდებობის პირების, სახელმწიფო მოხელეების დაქირავებაც კი შეიძლება კონკრეტული მიზნებისთვის.
სააკაშვილმა დაასახელა რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების, ორი აქციონერის დავა, როდესაც ოდესის საბაჟოზე ტვირთის დაპატიმრების მოთხოვნით რუსეთის მოქალაქემ დონეცკის სასამართლოს მიმართა, ანუ, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლოს, რომელმაც თავისი დადგენილებით დააპატიმრა ტვირთი დონეცკიდან ოდესაში.