
2003 წელს მოკლული გიორგი გაბუნიას მამა ლევან გაბუნია, 12 წლის შემდეგ სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავს და მისი შვილის მკვლელის სახელს ჟურნალისტებს სწორედ იმ ადგილას, შარტავას 6 ნომერში გააცნობს, სადაც მკვლელობა მოხდა.
გაბუნია პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს. ლევან გაბუნია მისი შვილის მკვლელად გარდაცვლილ ზურა ვაზაგაშვილს ასახელებს, იური ვაზაგაშვილს კი დანაშაულის ხელშემწყობს უწოდებს.
არსებული ვერსიით, გიორგი გაბუნია თავიდან მოიშორეს, როგორც მოწმე, რადგან ის გახლდათ ერთადერთი ადამიანი, რომელიც 2002 წელს ბექა პაპუაშვილის მკვლელობას შეესწრო. ამ ვერსიის მიხედვით გიორგი სამართალდამცავებისთვის მკვლელის ვინაობის გამხელას აპირებდა, თუმცა ის მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოაგდეს.
იური ვაზაგაშვილი - ზურაბ ვაზაგაშვილის მამა კი აცხადებს, რომ ლევან გაბუნიას მამა მხოლოდ ახლა გააქტიურდა და ამას ზურაბ ვაზაგაშვილის სახელის დისკრედიტაციისკენ მიმართულ კამპანიად მიიჩნევს.
ვაზაგაშვილი სვამს კითხვას, რომ თუ გაბუნიას ჰქონდა კონკრეტული ფაქტი, მისი შვილის მკვლელობაში ზურა ვაზაგაშვილის მონაწილეობის შესახებ, რატომ დუმდა ბოლო 12 წლის განმავლობაში და რატომ არ შეიტანა პროკურატურაში სარჩელი.
„შევარცხვინე ის მამა, რომელსაც ეს ინფორმაცია ჰქონდა და 12 წლის განმავლობაში გაჩუმებული იყო. მაინტერესებს, სად არის მისი მამობრივი ზნეობა, მამობრივი სიყვარული. რატომ არ ამოიღო ხმა აქამდე?“, - ამბობს „პრესა.ჯი“-სთან საუბარში ბრალდების პასუხად იური ვაზაგაშვილი.
ბექა პაპუაშვილი 2002 წლის 25 ნოემბერს საბურთალოზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ის აგრარული უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. სავარაუდოდ, სამი თავდამსხმელი მას ჩაუსაფრდა და ერთერთმა სადარბაზოში ესროლა. მაშინდელი პრესა წერდა, რომ ბექა პაპუაშვილის მკვლელობას სამი ახალგაზრდა გეგმავდა, ხოლო კონფლიქტი 23 ნოემბერს დაიწყო, კაფეში, სადაც ბექა პაპუაშვილმა შენიშვნა მისცა პირს, რომელმაც მათი მაგიდიდან აღებული სანთებელა მაგიდაზე უხეშად მოისროლა. ამავე ვერსიით, თავდამსხმელი ბექა პაპუაშვილს არ იცნობდა.
გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის კრიმინალებთან სიახლოვისა და, ზოგადად, კრიმინალური წესით მისი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია წინა წლების გაზეთებშიც მოიპოვება. ასე მაგალითად, 2007 წელს გაზეთი „ახალი თაობა“ აქვეყნებს ინტერვიუს ცნობილი „ჯეობარელის“ ბესო სარჯველაძის მამასთან, სადაც რესპოდენტი, თემურ სარჯველაძე აცხადებს, რომ ზურა ვაზაგაშვილი და მამამისი მის ოჯახს დევნიდნენ და მოკვლითაც ემუქრებოდნენ:
„მისი აწ გარდაცვლილი შვილი რამდენჯერმე დამემუქრა, თავად იურიმ კი მითხრა, რომ ჩემი მოსაკლავი ტყვია გამზადებული აქვს. წინა მთავრობის დროს ქურდებს და შსს-ს თანამშრომლებს მიგზავნიდა. ისინი მოკვლით და ნარკოტიკის ჩადებით მემუქრებოდნენ“, - ამბობდა გაზეთთან ინტერვიუს დროს თემურ სარჯველაძე.
ამასთან, წინა წლებში ქართულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, არც ის დასტურდება, რომ პაპუაშვილისა და გაბუნიას ოჯახის წევრები ადრე ჩუმად იყვნენ. ცნობილი ფაქტია, რომ ბექა პაპუაშვილის ოჯახის წევრები შვილის მოკვლაში თავიდანვე ადანაშაულებდნენ ზურა ვაზაგაშვილს და ამბობდნენ, რომ მისი დასჯა ვერ ხერხდებოდა, რადგან ვაზაგაშვილებს ძლიერი მფარველი ჰყავდათ, მაღაჩინოსანი პოლიციელების სახით.
მაგალითად, 2006 წლის 8-14 მაისის „კვირის პალიტრაში“ ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გახდა (მან თანამდებობა ოთარ ფარცხალაძის დანიშვნისთანავე დატოვა), სტატიაში წერდა: „ამ ბოლო დროს სწორედ ისეთი ადამიანები არიან ლიკვიდირებული, რომლებიც წარსულში მაღალჩინოსან პოლიციელებთან ურთიერთობასა და მეგობრობაში იყვნენ შემჩნეულნი. ცხადია, თავის დროზე მფარველები არც ხუბულოვს აკლდა და არც ვაზაგაშვილს, მაგრამ ეს არ ამართლებს არასწორად დაგეგმილ სპეცოპერაციას“.
ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ზურა ვაზაგაშვილის სახელი ბექა პაპუაშვილის მკვლელობასთან კავშირში მკვლელობიდან რამდენიმე დღეში უკვე გამოიკვეთა. 2003 წელს, „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ვაკე-საბურთალოს პროკურატორ-გამომძიებელი ამირან შუშანაშვილი, ფაქტობრივად, ამბობს, რომ გამოძიებამ იცის იმ პირთა ვინაობა, ვინც ამ პაპუაშვილის მკვლელობას უკავშირდება:
„გამოკვეთილია პირთა წრე, ვისაც ამ საშინელი დანაშაულის ჩადენა შეეძლო...ჩვენთვის ცნობილია ის პიროვნება, ვისთანაც პაპუაშვილს სამი დღით ადრე რესტორან „ვილა ძარაში“ კონფლიქტი მოუვიდა. სავარაუდოდ, შურისძიების მოტივით სწორედ მას ან მის ახლობლებს შეეძლოთ ოცი წლის ბიჭის მოკვლა. მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ მკვლელობაში სამი ბოროტმოქმედი მონაწილეობდა“.
ასე რომ, ზურაბ ვაზაგიშვილის მამის, იური ვაზაგაშვილის მტკიცება, თითქოს ლევან გაბუნია ცდილობს, მის ოჯახს კრიმინალებთან კავშირი დააბრალოს და ზურაბ ვაზაგაშვილის სახელი შებღალოს, არც თუ მთლად დამაჯერებლად გამოიყურება, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის ძმა, ჯაბა ვაზაგაშვილიც არაერთხელ ყოფილა შემჩნეული კრიმინალებთან ურთიერთობაში. ჩვენი ინფორმაციით, 2007 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ჯაბა ვაზაგაშვილი რვაჯერ გადაიყვანეს ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე და ყველა ჯერზე ნარკოტიკული თრობის ფაქტი დაუდგინდა, აქედან, ეს მხოლოდ 2013 წელს ოთხჯერ მოხდა.