
2014 წლის 6 თებერვალს ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზებისა და დე ფაქტო აფხაზეთის სამხედრო ძალები ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში ითანამშრომლებენ.
ამის შესახებ აფხაზური მედია იუწყება. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროტოკოლს ხელი რუსეთისა და დეფაქტო აფხაზეთის თავდაცვის მინისტრებმა მოაწერეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი საკანონმდებლო ბაზის შექმნით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობისკენ მორიგი ნაბიჯი გადაიდგა.
შეთანხმება ითვალისწინებს საჭიროების შემთხვევაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კუთხით ერთობლივი ღონისძიებების გატარებას და, რაც ყველაზე მთავარია, ჩადებულია მუხლი, რომლის მიხედვითაც რუსეთის საჰაერო ძალებმა დაიკანონეს „აფხაზეთის საჰაერო სივრცის“ კონტროლის უფლება.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 28 იანვარს ანალოგიური შეთანხმება შედგა რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთს“ შორის.