
ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში კომისიის სხდომაზე მივიდა, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო, იფრენდნენ თუ არა ოდესაში სხვა ავიაკომპანიები, მონოპოლისტის გარდა.
მიხეილ სააკაშვილის აზრით, კონკურენციის არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებს მოუწევდათ ორჯერ ნაკლების გადახდა ბილეთებში, ვიდრე აქამდე იხდიდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურენტ ავიაკომპანიებს ოდესაში ფრენაზე უარი ეთქვათ, რამაც სააკაშვილის მზაფრი რეაქცია გამოიწვია.
ოდესის ოლქის გუბერნატორსა და სახელმწიფო ავიასამსახურის უფროსს დენის ანტონიუკს შორის დიალოგი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა:
„დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება კონკრეტული ოლიგარქების ინტერესითაა განპირობებული, რადგან თქვენთან ანაზღაურება ზალიან მცირეა. რამდენია თქვენი ანაზღაურება?“, - დაინტერესდა მიხეილ სააკაშვილი, რასაც ანტონიუკის პასუხი მოჰყვა, რომ მისი ანაზღაურება 5.500 გრივნას შეადგენს.
„და თქვენ ამ ანაზღაურებით ცხოვრობთ? მე ამის არ მჯერა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
უკრაინის სახელმწიფო ავიაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილს შეეპასუხა და განაცხადა, რომ მსგავსმა რეფორმებმა საქართველოში შედეგი ვერ გამოიღო, რასაც სააკაშვილმა უპასუხა:
„ძვირფასო, 6 მილიონი ტურისტი შედეგი არაა? მინდა რომ სწორედ ასეთი „უშედეგობა“ იყოს ოდესაშიც. რატომ იყო 6 მილიონი ტურისტი? იმიტომ რომ ისეთები, როგორიც თქვენ და თქვენი უფროსები ხართ ჩვენ ხელისუფლებას ვერ მიუთითებდნენ, ვინ შემოეშვათ ამ სფეროში და ვინ არა“- განაცხადა სააკაშვილმა.
ეს საუბარი იმით დასრულდა, რომ სააკაშვილმა ანტონიუკი ოლიგარქიული ინტერესების გატარებასა და სახელმწიფო ინტერესების ღალატში, საზოგადოების იგნორირებაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც „მინისტრთან სიტუაციის გარკვევას“, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „ხალხთან ერთად გარკვევას“ დაჰპირდა და კომისიის სხდომა დატოვა.