-
2014-02-07 22:26
„აფხაზეთის ხმისთვის“ ცნობილი გახდა საკადრო გადაადგილების შესახებ, რომელიც, შესაძლოა, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას უკავშირდებოდეს.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი ნოდარ ხადურის მოადგილედ გადაჰყავთ. ერთერთი ვერსიით, ეს საკადრო ცვლილება, ანუ ლაშა ხუციშვილის დაწინაურება ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან უკავშირდება ნოდარ ხადურის უწყებაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ამასთან, ცნობილია, რომ ლაშა ხუციშვილი თავად პრემიერის მხრიდან ნდობით სარგებლობს. წყარო არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სწორედ ლაშა ხუციშვილს ამზადებდნენ ნოდარ ხადურის შემცვლელად.
ლაშა ხუციშვილი შემოსავლების სამსახურის უფროსად 2013 წლის 8 იანვარს დაინიშნა. შემოსავლების სამსახურის უფროსად დანიშვნამდე, 2008 წლიდან, ის საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Ernst & Young-ში, ხოლო, 2007-2008 წლებში, ფინანსთა სამინისტროს, დავების განხილვის საბჭოს აპარატში მუშაობდა.
დამთავრებული აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა (ESM) (ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა)
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვარამაძე გახდება, რომელიც მანამდე დავების განყოფილებას კურირებდა.
შესაბამისი ბრძანება უკვე ხელმოწერილია და ორშაბათიდან ხუციშვილი და გვარამაძე ახალ თანამდებობაზე შეუდგებიან მუშაობას.