
თავიდან მხოლოდ იდეა იყო და მეგობრების სურვილი, ჯერ საკუთარი გაეოცებინათ, შემდეგ კი მსოფლიო. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს მოტივი საერთო ჰქონდათ - ბუნების ენა ერთნაირად ესწავლათ და ამ ენით აღმოჩენილი კანონზომიერებები დაეცვათ.
გამხდარიყვნენ მცველები იმ სიმდიდრის, რომელსაც წესით, სახელმწიფო გულდასმით უნდა აღნუსავდეს და უფრთხილდებოდეს. დამფუძნებელთა „შვიდკაცამ“ ეს ჯერ ენთუზიაზმით დაიწყო, თითქმის შიშველი ხელებით და საკუთარი ხარჯებით.
კლუბი „თეთნულდიც“ ასე შეიქმნა 2013 წელს და მისი პიონერებიც დღეს უკვე ლამის ვეტერანები არიან: ირაკლი ჯულაყიძე, გიორგი ენუქიძე, დათო კუპრაშვილი, მიშა ხორგუანი, გიორგი ჯანელიძე, არჩილ გეგენავა და გიგა შუბითიძე. პროფესორიდან დაწყებული IT-ის სპეციალისტით დასრულებული, ამ კლუბში ყველას ნახავთ. სტუდენტებთან ლექციებსა თუ ბრენდულ კომპანიებში ქსელურ მენეჯმენტს, მთებში, მღვიმეებში, კლდეებსა და მწვერვალებზე ღამეების გათენებას რომ არჩევენ.
მთასვლელთა, მოგზაურთა და მოდერატორთა კლუბ „თეთნულდის“ წევრები, ერთი იდეის და მიზნების ქვეშ გაერთიანებული ადამიანები არიან, მათი სტიქია კი - მთასვლელობის განვითარება, ლაშქრობის პოპულარიზაცია, სპელეოლოგიის საოცრებების აღმოჩენა, შემეცნებითი და სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციაა.
რამდენად წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, თეთნულდელების მთავარი მისია იმ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაა, რომელი ქვეყანაც, უბრალოდ არ აღიარებს და ვერ აფასებს კლუბის წევრების საქმიანობას. არადა მათ ანგარიშზე აქტივობის, საკმაოდ ფართო სპექტრია:
ლაშქრობები ეგრისის ქედზე, ცაშკიბულის (3553მ. ზ/დ), საცხენისის (3200მ.ზ/დ), ჭითაგვალას (3150მ.ზ/დ) მწვერვალებსა და ტობავარჩხილის ტბებზე. კლუბის წევრებმა შეძლეს დაეპყროთ - ზღვის დონიდან 5047 მეტრზე მდებარე მყინვარწვერი, თეთნულდი (4850მ. ზ/დ), შაჰან კუჰის მწვერვალი ირანში (4040 მ. ზ/დ), მეფისწყარო (2850მ. ზ/დ). ასევე ჩაეტარებინათ გასვლითი ტრენინგ-ვარჯიშები ატენის ხეობის გაყინულ ჩანჩქერებზე, ზღვის დონიდან 2005 მეტრზე მდებარე ხვამლის მთაზე.
თეთნულდელების წარმატებაა სამეცნიერო ექსპედიციების უსაფრთხოება თურქეთში, ისტორიული ტაო-კლარჯეთის მონახულება ორჯერ, აქედან ერთი იმ კოპის ციხის, სადაც საუკუნეების მანძილზე, ქართულ მოდგმას ფეხი არ დაუდგამს. საუკუნეების მერე კი, პირველები ამ მიწაზე, თეთნულდელები იყვნენ. ამ ექსპედიციას მოჰყვა არანაკლებ მნიშვნელოვანი გასვლა შავშეთსა და ბანაში, სადაც ისტორიკოს ბუბა კუდავასთან ერთად, მოახდინეს ასვლები ე.წ. კახაბერის (ჯერაც შეუსწავლელ) სათვალთვალო კოშკსა და ბერების ქვაბულებში.
დამფუძნებლებს შორის პროფესიონალი ტელეოპერატორები და ფოტოგრაფებიც არიან, ამიტომ ადვილად შეძლეს საინტერესო ექსპედიციების ფოტო და ვიდეო მასალის მოპოვება.
ყველა ამ მიღწევისა და აღმოჩენის მიუხედავად, სახელმწიფოსთვის თეთნულდელები, ამ დრომდე შეუმჩნეველი არიან. არადა, ნორმალურ ქვეყანაში, რომელსაც უზარმაზარი რესურსი გააჩნია ტურიზმის განვითარებისთვის, კლუბი „თეთნულდი“ თავისი ისტორიით, გავლილი თუ გასავლელი გზით, ერთ-ერთი მექანიზმია, რასაც ოფიციალური საქართველო, უბრალოდ არ იყენებს.
სამაგიეროდ, თეთნულდელები შეამჩნიეს ქვეყნის გარეთ. პირველი, ვინც მათ შრომას ფასიც დაადო და თამასაც აუწია NATIONAL GEOGRAPHIC -GEORGIA-ს რედაქცია, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გეოქიმიკოსები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპელეოლოგები იყვნენ. კლუბის წარმატებული აღმოჩენა უცხოელებისთვის, ე.წ. მურადის მღვიმე და მისი უცნობი დარბაზები იყო.
თეთნულდელებმა შეძლეს მიეკვლიათ მსოფლიოში უნიკალური ფორმის ნაღვენთებისთვის, რომლის შესწავლასაც ხუთი სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია დასჭირდა. საკუთარი თვალით ნანახი არამნახველებისთვისაც რომ ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო, რეჟისორმა გიორგი დვალიშვილმა ფილმებიც გადაიღო, რომლის ჩვენებებიც უკვე გაიმართა ქუთაისსა და თბილისში. მალე თეთნულდელების ყველაზე ექსტრემალურ, რისკის ფასად მოპოვებულ აღმოჩენებს მთელი ქვეყანა იხილავს და ყველა რეგიონში სტუმრობით, კლუბის წევრები საკუთარ თავსა და ბუნების იმ სილამაზეზე მოუყვებიან ადამიანებს, რაც ჯერ არ იციან.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული სახელმწიფო თეთნულდელებისთვის თეთრსაც არ ხარჯავს და საკუთარი სახსრებისა და პირადი მეგობრების დახმარებით აღწევენ ყველა წარმატებას, 2014 წელს საუკეთესო მოლაშქრეთა კლუბის ტიტულიც მოიპოვა, მიმდინარე წელს კი, დაჯილდოვდა სიგელით - „ლაშქრობის პოპულარიზაციასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის მიერ. თუმცა, ეს ძალიან მწირი შეფასება და დაფასებაა, რაც კლუბის წევრებს ვერც მოტივაციას უქრობს და ვერც სირთულეების დაძლევას:
არჩილ გეგენავა: - ჩემთვის კლუბი „თეთნულდი,“ პირველ რიგში არის მეგობრობის, სიყვარულის და ადამიანური ღირებულებების დამფასებელი საფიხვნო, რომელსაც აერთიანებს ბუნების სიყვარული და მატერიებზე მეტად, სულიერი ღირებულებები. ორგანიზაცია, რომელიც ენთუზიაზმით ცდილობს გამოხატოს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და პოპულარიზაცია გაუწიოს მის ყოველ კუთხეს, კუნჭულს.
„თეთნულდი“ არის ჯგუფი, რომელსაც არ შეუძლია გადაადგას ნაბიჯი მეგობრის გარეშე და სიმბოლურიცაა, განსაკუთრებით მთაში ჩვენი გასვლა. თოკში ჩაბმული ერთმანეთზე ვართ მინდობილი და თვალდახუჭული მივყვებით ერთმანეთს. კლუბი არის თეთრი ფერის, რომელსაც ყველა წევრი ვუფრთხილდებით დასვრისგან, გაყვითლებისგან.
გიორგი ენუქიძე: - ჩვენი მიზანი, თავიდანვე გამოკვეთილი იყო. მთასვლელობისა და ლაშქრობის პოპულარიზაცია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის დაინტერესება ცხოვრების ჯანსაღი წესით. მივაღწიეთ კიდეც - კლუბის დახმარებით ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო საქართველოში არსებული საინტერესო ადგილების შესახებ და გაუჩნდათ სურვილი, თავისი თვალით ეხილათ და მოენახულებინათ ბუნების საოცრებები.
ყველაზე მთავარი - ჩვენ შევძელით ბუნების ენა გვესწავლა, იმ მუსიკისთვის მოგვესმინა, რომელსაც სხვაგან ვერ გაიგონებ... ბუნების გარდა, სხვა ვერ შექმნის და ვერ შეგაყვარებს...