-
2014-02-07 18:37
ბაჩო ახალაიას საქმეში ბრალდების მთავარი მოწმის გია გორგაძის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ „რუსთავი–2“–ს პროკურატურიდან დაუდასტურეს, რომ ამ წუთებში მისი დაკითხვა მოწმის სტატუსით მიმდინარეობს.
ბაჩო ახალაიას ადვოკატის გოგა ონიანის განცხადებით, ბრალდებულ ბაჩო ახალაიას ბრალდების ერთერთი მთავარი მოწმე, რომელიც აცხადებდა, რომ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება პროკურატურაში ზეწოლით მიაცემინეს, „პრაიმტაიმში“ მიმავალი, ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიტაცეს.
გია გორგაძე „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრში“ მივიდა, რომელსაც ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს. ადვოკატის, გიორგი ონიანისა და ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, გორგაძე ოფისში საკუთარი სურვილით მივიდა და განაცხადა, რომ ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს, ოფისში კი სინდისის კარნახით მივიდა და სიმართლის თქმა სურს, რის შემდეგაც დაიგეგმა მისი ბრიფინგი „პრაიმტაიმში“.
„პრაიმტაიმთან“ მისულ გორგაძეს პოლიციის ფორმაში ჩაცმული რამდენიმე პირი დახვდა, მანქანაში ჩაისვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა – კადრები, თუ როგორ ტოვებს გორგაძე პოლიციის ფორმაში ჩაცმულ პირებთან ერთად „პრაიმტაიმის“ მიმდებარე ტერიტორიას, ექსკლუზიურად „რუსთავი2“–მა, 18:00 საათზე, „კურიერში“ გაავრცელა. სამაუწყებლო კომპანია აცხადებს, რომ კადრები შემთხვევით გადაიღო.