
ბაჩო ახალაიას ადვოკატის გოგა ონიანის განცხადებით, ბრალდებულ ბაჩო ახალაიას ბრალდების ერთერთი მთავარი მოწმე, რომელიც აცხადებდა, რომ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება პროკურატურაში ზეწოლით მიაცემინეს, „პრაიმტაიმში“ მიმავალი, ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიტაცეს.
გია გორგაძე „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრში“ მივიდა, რომელსაც ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს. ადვოკატის, გიორგი ონიანისა და ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, გორგაძე ოფისში საკუთარი სურვილით მივიდა და განაცხადა, რომ ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს, ოფისში კი სინდისის კარნახით მივიდა და სიმართლის თქმა სურს, რის შემდეგაც დაიგეგმა მისი ბრიფინგი „პრაიმტაიმში“.
„პრაიმტაიმთან“ მისულ გორგაძეს პოლიციის ფორმაში ჩაცმული რამდენიმე პირი დახვდა, მანქანაში ჩაისვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა – კადრები, თუ როგორ ტოვებს გორგაძე პოლიციის ფორმაში ჩაცმულ პირებთან ერთად „პრაიმტაიმის“ მიმდებარე ტერიტორიას, ექსკლუზიურად „რუსთავი2“–მა, 18:00 საათზე, „კურიერში“ გაავრცელა. სამაუწყებლო კომპანია აცხადებს, რომ კადრები შემთხვევით გადაიღო.
ანი ნადარეიშვილი წერს:
"გია გორგაძე - ეს არის მთავარი ე.წ. დაზარალებული და მთავარი მოწმე ბაჩო ახალაიას ბოლო ბრალში, რომელიც 13 იანვარს წაუყენეს, თითქოს ბაჩომ ვიღაც 6 პატიმარი ცემა, იმისთვის რომ აღეარებინათ რომ ციხიდან გაქცევას ცდილობდნენ (ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს გია გორგაძე არის იმ ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირის ძმა, რომელიც 2006 წელს სპერცოპერაციის დროს იქნა ლიკვიდირებული ნავთლუღის ბაზართან).
მოკლედ, ამ გია გორგაძემ გვითხრა რომ მოვიდა იმისთვის, რომ ეთქვა სიმართლე და ეს სიმარლე იყო ის რომ მას აიძულეს მიეცა ჩვენება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, მაშინ როცა მისი სიტყვებით მას "ბაჩო ახალაია ცხოვრებაში არ ყავს ნანახი".
ჩვენ დავუკავშირდით ეგრევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ კახა კოჟორიძეს და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ ზაზა ხატიაშვილს, რომლებიც ჩავაყენეთ საქმის კურსში.
გია გორგაძემ თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ ტელევიზიის მეშვეობით ის ხალხს ეტყოდა სიმართლეს და ასევე აპირებდა მისულიყო სახალხო დამცველის ოფისში. ავტეხეთ ჟურნალისტებთან რეკვა (და როგორც ჩანს ჩვენი "სუს"-ი კარგად გვისმენს) და 4 საათზე დაიგეგმა პრაიმთაიმის პრესკლუბში პრესკონფერენცია და ეს ადამიანი მივიდა იქ.
როდესაც მანქანიდან გადმოვიდა და კიბის პირველ საფეხურზე შედგა ფეხი, დაახლოებით 10 სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირი მივიდა მასთან და უთხრეს, რომ მას ოჯახი ეძებდა, გაუყარეს ხელკავი, ჩასვეს მანქანაში და დღისით მზისით ჟურნალისტების თვალწინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოდან გაიტაცეს ეს ადამიანი. ჩვენთვის ამ წუთამდე უცნობია სად იმყოფება გია გორგაძე და ვითხოვთ დაინტერესდეს ყველა შესაბამისი ორგანო თუ პირი მისი ადგილსამყოფელით!!!".
გორგაძის გატაცებასთან დაკავშირებით შსს აცხადებს, რომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.