
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში პოლიციელებმა ავტომანქანაში სამი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს, – ამის სესახებ ექსკლუზიურად „სმო.ჯი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით. BMW-ს მარკის ავტომანქანას, რომელიც სოფელ ტყაიაში გადაადგილდებოდა, პოლიციამ გაჩერება უბრძანა, ის კი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა.
დევნის დაწყების შემდეგ მანქანა ბოძს შეეჯახა, მანქანაში მყოფმა სამმა პირმა კი მანქანა მიატოვა და მიმალვა მოახერხა.
გამოცემა იუწყება, რომ მიტოვებულ მანქანაში სამართალდამცველებმა სამი ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. იარაღის მარკა არ კონკრეტდება.
„სმო.ჯი“ წერს, რომ ამ წუთებში პოლიცია ცხელ კვალზე დევნას ახორციელებს, თუმცა, არაა გამორიცხული, სამი პირი გალის რაიონში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყოს და მათ თავი გალის რაიონს შეაფარონ. ასეთ შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნის გაგრძელებას შსს, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს.