
სოჭის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია, სიმბოლურად 20:14 საათზე დაიწყება, ოლიმპიურ მოედანზე დღეს 101 ქვეყნის წარმომადგენელი გავა.
მათ შორის სამი ქართველი მოთხილამურე იქნება. მოციგურავე ელენე გედევანიშვილი კი ოლიმპიადას მოგვიანებით შეუერთდება. ოლიმპიადის მონაწილეები სპორტის 15 სახეობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
ოლიმპიადამდე რამდენიმე საათით ადრე იქ ჩასულები შთაბეჭდილებებზე საუბრობენ. სპორტსმენების განცხადებით სასტუმროები გარედან დასრულებულია, შიგნიდან კი სიცარიელეა, ზამთარი კი არ იგრძნობა, რადგან თოვლი არ არის.
2014 წლის ზამთრის ოლიმპიადას ვლადიმერ პუტინი გახსნის და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
გახსნის ცერემონიალს მსოფლიოს სამოცამდე ლიდერი დაესწრება. შოუ დაახლოებით სამ საათს გაგრძელდება.